რეზონანსი
25.08.2017

 (რეზონანსი) საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტთან რკინიგზელების პროტესტი და შიმშილობის აქცია გრძელდება. ამ დროისთვის 14 ადამიანი შიმშილობს.

გუშინ პოლიციასთან დაპირისპირების მიუხედავად, რკინიგზელები ამბობენ, რომ პროტესტის უკიდეურესი ფორმის შეწყვეტას არ აპირებენ და რკინიგზის ადმინისტრაციას ადანაშაულებენ.

სამართალდამცავებმა გუშინ, რკინიგზელთა აქციის 10-მდე მონაწილე დააკავეს. 2 საავადმყოფოში გადაიყვანეს. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეთა ნაწილმა რკინიგზის შენობაში შესვლა სცადა. შექმნილი დაპირისპირების შედეგად პოლიციელებმა აქციის მონაწილეები დააკავეს. დაკავებულთა შორის „აუდიტორია 115"-ის წევრებიც არიან. მათივე თქმით, ადგილზე რკინიგზელებისთვის სოლიდარობის გამოსახატად მივიდნენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, დაკავებულთა ნაწილი სამართალდამცველებმა მას შემდეგ დააპატიმრეს, როდესაც დაპირისპირება დასრულებული იყო და მათი დაკავების საფუძველი არ არსებობდა.

რაც შეეხებათ მოშიმშილეებს, ისინი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ. აქციის პარალელურად განცხადება რკინიგზის დეპარტამენტმა გაავრცელა. ისინი რკინიგზელებს მოლაპარაკების მაგიდასთან იწვევენ.

პროტესტი 11 დღის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები რკინიგზის რამდენიმე მუშის გურჯაანიდან სადახლოს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაყვანას აპროტესტებენ და მათ უკან დაბრუნებას ითხოვენ. ასევე მოთხოვნებს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაახურის და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსების გადადგომა მიემატა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×