(რეზონანსი) ბორჯომის ხეობაში ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებლემა კარლო ნატალემ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირი დახმარებისთვის სრულიად მზად არის.
ნატალეს თქმით, საქართველოს ევროკავშირი ხანძრის კერებზე დასაკვირვებლად სატელიტურ გადაღებებზე წვდომის საშუალებას მისცემს.
"დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რაც ადგილზე ვნახეთ. ვნახეთ ის ძალისხმევა რომელიც ამ დღეების განმავლობაში ჩაიდო ამ უსიამოვნო ფაქტის ბოლომდე მოგვარებაში. ვხედავთ, რომ მდგომარეობა საიმედოა. მინდა მოგახსენოთ, რომ ევროკავშირმა ე.წ. კოპერნიკუსის პროგრამის საშუალებით სატელიტური გადაღებები გააქტიურა, რომლებიც ევროპაში გამოიყენება. სატელიტების საშუალებით ტყის ხანძრების გავრცელების არეალის გადაღება და შემდეგ ამ რუკების გამოყენება იმისათვის, რომ შემდეგ ხანძარზე კარგად დაკვირვება და ბოლომდე ლოკალიზება მოხდეს. ეს რუკები საქართველოსთვის უკვე დღეიდან ხელმისაწვდომი იქნება.
"ალბათ ხვალინდელ დღეზეც უნდა ვიფიქროთ და ევროკავშირი სრულიად მზად არის, რომ ექსპერტების დახმარების მობილიზება მოახდინოს. ასევე ჩვენ ტყის მდგრადი მართვის საკითხებზე დახმარებას გავწევთ იმისათვის, რომ ეს ულამაზესი რესურსი გადარჩენილი იყოს და მომავალში მისი რეაბილიტაცია მოხდეს, - განაცხადა ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.