რეზონანსი
25.08.2017

 (რეზონანსი) ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ჟურნალ „Республика Южная Осетия"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას" საქართველოსთან მშვიდობიანი თანაცხოვრება სურს.

„ჩვენ მომავალშიც აქტიურად ვიმუშავებთ იმაზე, რომ სამხრეთ ოსეთი მუდმივად წარმოდგენილი საერთაშორისო დღის წესრიგში იყოს. ამავდროულად, ჩვენ კავშირებს დავამყარებთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, იმ ქვეყნებთან, რომლებიც გაერო-ში წარმოდგენილნი არიან. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა საერთაშორისო თანამეგობრობამ გაიგოს, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელიც დღეს ვითარდება და რომელსაც ყველასთან მშვიდობიანი ცხოვრება სურს, მათ შორის საქართველოსთან. საბოლოო ჯამში, ეს სხვა სახელმწიფოების მიერ სამხრეთ ოსეთის აღიარებამდე მიგვიყვანს. ამაში დარწმუნებული ვარ", - აღნიშნა ბიბილოვმა.

ის ასევე ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის" ტერიტორიის გავლით ამიერკავკასიის სატრანსპორტო კორიდორის შექმნის საკითხს შეეხო.

„რაც შეეხება ამ პროექტს, რომლის ინიციატივითაც გამოვედი, ჩვენ ამ პროექტში მხოლოდ თანასწორუფლებიანი პარტნიორების რანგში მონაწილეობას მივიღებთ. მეორეხარისხოვანი როლის თამაშს არ ვაპირებთ. სამწუხაროდ, დღეს საქართველო ამისთვის მზად არ არის. ჩვენ იმ დროს დაველოდებით, როცა საქართველო შექმნილ რეალობას გაიაზრებს და თანაბარუფლებიანი დიალოგისთვის მზად იქნება. სამხრეთ ოსეთი ყოველთვის მზადაა ამ საკითხზე მოლაპარაკებები აწარმოოს", - განაცხადა ბობილოვმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×