(რეზონანსი) ბორჯომის ხეობაში სტიქიასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ წარადგენს. ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი კანდიდატების წარდგენას აგვისტოს ბოლომდე გეგმავდა, თუმცა ეს გეგმები ბორჯომის ხეობაში შექმნილმა მდგომარეობამ შეცვალა.
„გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ კანდიდატების წარდგენა რამდენიმე დღე გადავდოთ. მას შემდეგ, რაც კანდიდატებთან დაკავშირებით კონკრეტულ ღონისძიებებს დავგეგმავთ, საზოგადოებასა და მედიას საქმის კურსში ჩავაყენებთ", - განაცხადა მდინარაძემ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. პრემიერის მხრიდან კონტრასიგნაციით პრეზიდენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი ამოქმედდა.