რეზონანსი
25.08.2017

 (რეზონანსი) პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილს ცესკო-ში წარსადგენი ხელმოწერების შეგროვებაში მხარი დაუჭირა.

დოლიძე დღეს ერთ-ერთ ლოკაციაზე, მეტრო "ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა, სადაც ელისაშვილის მხარდასაჭერად ხელმოწერები გროვდება.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებელმა, უპარტიო კანდიდატებმა პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა მიიღონ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ადამიანი იყოს, რომელიც პოლიტიკაში ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს გამოხატავს. აქედან გამომდინარე, მე პირადად ვფიქრობ, რომ ალეკო ელისაშვილი თბილისის მერობის კანდიდატი უნდა იყოს. მას მხარი ხელმოწერების შეგროვებაში დავუჭირე", - განაცხადა დოლიძემ.

თავის მხრივ, ელისაშვილმა დოლიძეს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"ეს იმაზე მიუთითებს, რომ ძალიან ბევრს უნდა ნორმალურ ქალაქში და ქვეყანაში იცხოვროს და ბევრს უნდა ეს საარჩევნო ვირეშმაკობები დავძლიოთ, რომელიც არც ერთმა ხელისუფლებამ არა და არ მოიშალა. ამას უნდა მოვერიოთ. "ხელმოწერების ხაფანგს" აუცილებლად დავძლევთ", - ამბობს ელისაშვილი.

ელისაშვილმა თბილისის მერად რეგისტრაციისთვის ცესკოს 1-ელ სექტემბრამდე ამომრჩევლის 10 000 ხელმოწერა უნდა წარუდგინოს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×