(რეზონანსი) რუსეთის მოქალაქეებმა აშშ-ს ვიზის მისაღებად შესაძლოა ახლო მომავალში მასიურად მიაშურონ მეზობელ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოში. 21 აგვისტოს, აშშ-მა მთელ რუსეთში არასაიმიგრაციო ვიზების გაცემის პროცედურა შეაჩერა, რომელიც 1 სექტემბერს განახლდება, თუმცა მხოლოდ მოსკოვში მდებარე საელჩოში.
აღნიშნული ზომების მიღება რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომელმაც აშშ-ს დიპლომატიური მისიის პერსონალის რაოდენობის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მოქალაქეებს ამერიკული ვიზის მისაღებად შეუძლიათ ნებისმიერ სხვა ქვეყანას მიმართონ, სადაც განაცხადის განხილვის ვადები ნაკლებია, ვიდრე მოსკოვში.
ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ტურისტულმა კომპანიამ უკვე მოამზადა შესაბამისი შეთავაზება რუსეთის მოქალაქეებისათვის, რომლებსაც აშშ-ის ვიზის ასაღებად თბილისში ჩამოსვლა სურთ.