ნინო ქეთელაური
26.08.2017

"დარწმუნეული ვარ, ხელისუფლება არ არის იმაზე წამსვლელი, რასაც ოპოზიცია ითხოვს. ის უბრალოდ ცდილობს, პინგ-პონგის რეჟიმში გადაიყვანოს პოლიტიკური პროცესი და საბოლოო ჯამში თქვას, ვერ შევთანხმდითო", - ასე აფასებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ პროცესს.

მისი თქმით, საარჩევნო ბარიერის დაწევით ხელისუფლება გარკვეული პოლიტიკური ძალების გადაბირებას ეცდება, რათა დასაველეთს დაანახვოს, რომ საარჩევნო სისტემის მის ვერსიას სხვა პარტიებიც უჭერენ მხარს.

გახშირებული ხანძრები, სტრასბურგში გასაგზავნი მოსამართლეები, საკონსტიტუციო ცვლილებები, არჩევნები - ეს ის საკითხებია, რომლებზეც "რეზონანსი" კონსტიტუციონალიტს გაესაუბრა.

 ვახტანგ ძაბირაძე: ხანძრების თემაზე ძალიან რთულია ხმამაღალი განცხადებების გაკეთება, მაგრამ ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, გარკვეულ ეჭვს ბადებს და საკმაოდ არგუმენტურებულია ვერსია, რომ ეს არის მიზანმიმართული მოქმედება. 

ვინ დგას ამის უკან - ეს სხვა საკითხია, რაც აუცილებლად გამოსაკვლევი და დასადგენია. ეს საქმე ძალიან სერიოზულ შესწავლას მოითხოვს, რადგან ეჭვი, რომელიც ჩნდება და ძალიან ჰგავს ჩვენს ჩრდილოელი მეზობლის ხელწერას, თუ უსაფუძვლოა, უნდა გაქარწყლდეს. 

დივერსიის ვერსია ძალიან სერიოზული და დასაფიქრებელი ამბავია. მე პირადად არ მახსოვს, რომ დროის მოკლე პერიოდში საქართველოში ამდენი ცეცხლის კერა გაჩენილიყოს. ვფიქრობ, გარემოს დაცვის სამინისტრომ და შესაბამისმა სამსახურებმა უნდა თქვან თავიანთი შეფასებები სიცხესთან დაკავშირებით. არ მგონია, ეს ტემპერატურა ამოვარდნილი იყოს ნორმიდან. სხვა წლებშიც იქნებოდა ანალოგიური სიცხე, მაგრამ ასეთი მასშტაბური და ამდენი ხანძარი არ ყოფილა. ამიტომ, ძალიან ბევრი არგუმენტი არსებობს იმ ვერსიის განსამტკიცებლად, რომ ეს იყო დივერსიული მოქმედებები.

"რეზონანსი": როგორ ფიქრობთ, კრიზისულ ვითარებაში სწორად მოქმედებდა თუ არა ხელისუფლება?

ვ.ძ.: იყო ეს დივერსია თუ არა, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი აზრით, ხელისუფლება მოქმედებდა ადეკვატურად. არ მგონია, მას მეტის გაკეთება შეძლებოდა. არათუ საქართველოში, დასავლეთის ქვეყნებშიც ებრძვიან ხანძრებს და ვერ ახერხებენ სწრაფად გამკლავებას.

რაც შეეხება ვერტმფრენების თემას, რომელზეც მუდმივად აპელირებენ, ვნახეთ, რომ სხვა ქვეყნებმა გამოგვიგზავნეს, მაგრამ ქარის და სხვადასხვა პირობების გამო სწრაფად მაინც ვერ ხდება გამკლავება. ამიტომ, არ მგონია, ეს ის თემა იყოს, რომელიც ხელისუფლების საკრიტიკოდ გამოდგება.

"რ": სტასბურგში გასაგზავნ მოსამართლეებზე მინდა გკითხოთ. როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ ხერხდება 3 ისეთი კანდიდატის შერჩევა, რომლებიც ევროსასამართლოსთვის სრულიად მისაღები იქნება?

ვ.ძ.: რომ გითხრათ, კანდიდატების საკითში ძალიან ჩახედული ვარ-მეთქი, ასე არაა, მაგრამ თავისთავად სამწუხარო ფაქტია, რომ ამ ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა კანდიდატების შერჩევა. 

თუ ჩვენ არ გვყავს ისეთი დონის იურისტები, რომლებსაც პრობლემები არ ექნებოდა სტრასბურგში, ეს ძალიან დიდი პრობლემაა. თუ გვყავს, მაგრამ ვცდილობთ, რომ სახელისუფლებო გუნდიდან გავაგზავნოთ ვიღაც, ესეც ძალიან ცუდია. 

როგორც ჩანს, უფრო მეორე ვერსიაა რეალისტური და ხელისუფლება ცდილობს, თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს სტრასბურგში, რაც არ მგონია, სწორი მიდგომა იყოს. იმიტომ, რომ, რა პროცესიც ახლა მიმდინარეობს, ის უფრო მეტი ზიანის მომტანია ხელისუფლებისთვის (დასავლეთის ფაქტორიდან გამომდინარე), ვიდრე ის, რომ ნეიტრალური პიროვნება გაეშვათ.  

ხელისუფლებას ასეთი საკითხების გადაწყვეტისას უფრო მეტი დაფიქრება, გაანალიზება სჭირდება. არ მგონია, ეს პროცესი ხელისუფლებისთვის სახარბიელოდ წარიმართოს.

"რ": საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სტრასბურგში დაგეგმილ შეხვედრამდე სულ ცოტა დრო რჩება, მაგრამ ვითარება კრიზისულია. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება გაითვალისწინებს ოპოზიციის მოთხოვნებს?

ვ.ძ.: არ მგონია, რომ სტრასბურგის შეხვედრაზე რაიმე გადაწყდეს, თუ შედგა საერთოდ. მთელი ეს განცხადებები, რომ ოპოზიციამ წერილობით წარმოადგინოს მოთხოვნები და ა.შ., უბრალოდ პროცესიისთვის არის გაკეთებული. 

ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რას ითხოვს ოპოზიცია. მეტსაც გეტყვით, სანამ თავად იყვნენ ოპოზიციაში, მათი უმეტესობა სწორად ამასვე ითხოვდა. აქ პოლიტიკური თამაში მიდის იმაზე, თუ ვინ იტყვის უარს, რომ მეორე მხარემ თქვას - ჩვენ ვცდილობდით, მაგრამ მათ არ სურთ კონსენსუსიო. 

აქ ერთმანეთისთვის გადაბრალების მომენტი უფროა, ვიდრე სერიოზული კამათი და მსჯელობა. ხელისუფლება ცდილობს, პინგ-პონგის რეჟიმში გადაიყვანოს პოლიტიკური პროცესი და საბოლოო ჯამში თუ არ გამოუვა, იტყვის, ვერ შევთანხმდითო და ამით დასრულდება.  

დარწმუნეული ვარ, ხელისუფლება არ არის იმაზე წამსვლელი, რასაც ოპოზიცია ითხოვს. 2020 წელს სრულად პროპორციული არჩვნებისთვის ხელისუფლება მზად არ არის და არც არასდროს იქნება. ესაა რეალობა და არ მგონია, რომ მნიშვნელოვანი გარღვევა მოხდეს.  

ხელისუფლებამ პოლიტიკური ქულები უკვე დაკარგა, მეტს ვეღარ დაკარგავს. ახლა ოპოზიციის მოთხოვნაზე თანხმობა მისთვის წამგებიანიც კი იქნება.

"რ": როგორ ფიქრობთ, ბარიერის დაწევით ხელისუფლება დაბალრეიტინგიანი პარტიების გადაბირებას ხომ არ ცდილობს, რათა მერე თქვას, ოპოზიციაშიც უთანხმოებააო?

ვ.ძ.: ესეც სწორედ ამ პოლიტიკური თამაშის ნაწილია. რა თქმა უნდა, ხელისუფლება ეცდება, რომ ოპოზიციიდან გარკვეული პარტიები თავის მხარეს დაიყენოს თუნდაც იმისთვის, რომ თქვას - ჩვენს ვარიანტს სხვა პარტიებიც მხარს უჭერენო. ეს კეთდება მხოლოდ დასავლეთისთვის და არა ქართული საზოგადოებისთვის, თორემ ჩვენთან ძალიან კარგად იციან, ვინ რას წარმოადგენს და როგორი რეიტინგის პარტიაა. 

თუმცა, ძალიან გაჭირდება სხვა პარტიების ამაზე დათანხმება. ალბათ, ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან კულუარული მუშაობა მიმდინარეობს, რომ დაითანხმონ ამ შეთავაზებაზე. ვნახოთ, რა იქნება. ვერ ვიტყვი, რომ წარუმატებელი ცდაა, იმიტომ, რომ საქართველოში ასეთი რამ აქამდეც მომხდარა.

"რ": უკვე ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო პერიოდი. როგორ შეაფასებდით პოლიტიკური ძალების შანსებს - იქნება მეორე ტურები?

ვ.ძ.: ალბათ, მეორე ტურები იქნება, მაგრამ იმის შანსი, რომ მეორე ტურებში რომელიმე ოპოზიციურმა ძალამ გაიმარჯვოს, ნულის ტოლია. ასევე ვფიქრობ, რომ ნეიტრალური ამომრჩეველი არჩვენებზე არ მივა და ხმის მისაცემად ძირითადად პარტაქტივისტები მივლენ, ეს კი საკმარისი ხმების რაოდენობაა იმისთვის, რომ ხელისუფლებამ პირველივე ტურში 50 პლუს 1 ვერ აიღოს და მეორე ტურები დაინიშნოს.

"რ": რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტური თბილისშიც შედგა და ერთმანეთს კალაძე და ელისაშვილი დაუპირისპირდნენ?

ვ.ძ.: ამ ეტაპზე პროგნოზირება ნამდვილად რთულია, მაგრამ ვფიქრობ, კალაძე ყველა ვარიანტში გაიმარჯვებს. თუ მეორე ტურში ელისაშვილი გავა, ეს მისთვის ძალიან მომგებიანი იქნება, მაგრამ ერთია, როდესაც მხოლოდ კონკრეტული უბნის მაჟორიტარი ხარ და მეორეა, როდესაც მთელმა ქალაქმა უნდა აგირჩიოს. ამიტომ, არ მგონია, რომ კალაძის გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×