ალეკო ელისაშვილს ხელმოწერების შეგროვებაში მხარდაჭერა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმაც გამოუცხადა
თიკო ოსმანოვა
26.08.2017

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემაც გამოუცხადა. იგი ვარკეთილში მივიდა და ხელმოწერების შეგროვების პროცესში თავადაც ჩაერთო. იურისტები ამაში კანონდარღვევას ვერ ხედავენ, მაგრამ, როგორც პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, ასეთმა მხარდაჭერამ შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს ელისაშვილის რეიტინგზე.

აღსანიშნავია, რომ ალეკო ელისაშვილმა თბილისის მერად რეგისტრაციისთვის ცესკო-ს 1-ელ სექტემბრამდე ამომრჩევლის 10 000 ხელმოწერა უნდა წარუდგინოს. ეს გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 21 აგვისტოს მიიღო, რამაც ელისაშვილის აღშფოთება გამოიწვია და ეს უსინდისო გადაწყვეტილებად შეაფასა.

სწორედ ამიტომ, უკვე რამდენიმე დღეა, ელისაშვილი თბილისში მეტროს სადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე დგას და ხელმოწერების შეგროვებაში თავად მონაწილეობს.

 24 აგვისტოს "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, მისი გუნდი ჩართულიყო ამ პროცესში და ელისაშვილისთვის ხელმოწერები შეეგროვებინა, რაზედაც ელისაშვილმა უარი განაცხადა.

გუშინ კი მასთან, უფრო კონკრეტულად კი "ვარკეთილის" მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე მივიდა და ასევე აღუთქვა მხარდაჭერა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებელმა, უპარტიო კანდიდატებმა პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა მიიღონ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ადამიანი იყოს, რომლებიც გამოხატავენ ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე, მე პირადად ვფიქრობ, რომ ალეკო ელისაშვილი თბილისის მერობის კანდიდატი უნდა იყოს. მას მხარი დავუჭირე ხელმოწერების შეგროვებაში", - განაცხადა ანა დოლიძემ.

თავის მხრივ, ალეკო ელისაშვილმა ანა დოლიძესა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"ეს იმაზე მიუთითებს, რომ ძალიან ბევრს უნდა ნორმალურ ქალაქსა და ქვეყანაში იცხოვროს და ბევრს უნდა, დავძლიოთ ეს საარჩევნო ვირეშმაკობები, რომლებიც არა და არ მოიშალა არც ერთმა ხელისუფლებამ. ამას უნდა მოვერიოთ. "ხელმოწერების ხაფანგს" აუცილებლად დავძლევთ", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მანვე ცესკო-დან მომდინარე შეფერხებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცესკო-ში ერთი თვის განმვალობაში არ აძლევდნენ საჭირო ბლანკებს.

"სამი ცალი ბლანკი მომცეს გუშინწინ, საღამოს, როცა ერთი თვე ვეხვეწებოდი, რომ ბლანკი მოეცათ თადარიგის დასაჭერად. უსინდისობა არის, უსინდისობა. კანონს ვერ ამოეფარები ვერაფრით, როცა უსინდისოდ იქცევი", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილისადმი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მხრიდან მხარდაჭერის გამოხატვას კანონდარღვევად არ მიიჩნევენ იურისტები. უფრო მეტიც, ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ ცესკო-ს მხრიდან ასეთი მიდგომა არაკონსტიტუციურია, ამიტომ ამას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ.

"ეს არ არის კანონდარღვევა, იმიტომ, რომ ეს მხარდაჭერა არის ალეკო ელისაშვილისადმი, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატისადმი. აქ უნდა გავითვალისწინოთ ორი ფაქტორი. პირველი ის, რომ ელისაშვილი პარტიული არ არის და მეორე - მხარდაჭერა იყო გამოწვეული იმ გარემოებებით, რომლებიც ცესკო-ს გადაწყვეტილების შედეგად შეიქმნა. კერძოდ, ეს არის დახმარება იმ პროცესისადმი, რასაც ხელმოწერების შეგროვება ჰქვია. ანუ, ეს აბსოლუტურად აპოლიტიკური პროცესია და ხდება კანონის ფარგლებში", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ალაფიშვილი.

მისივე თქმით, კანონდარღვევა არც იმ შემთხვევაში იქნებოდა, ელისაშვილის ნაცვლად ნებისმიერი სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი რომ ყოფილიყო.

"თუ ჩახედავთ "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონს, პრეზიდენტის საპარალმენტო მდივანს თითქმის არანაირი შეზღუდვა არ აქვს", - გვითხრა ალაფიშვილმა.

იმავეს ადასტურებს იურისტი ლია მუხაშავრია.

"ჩემი აზრით, ანა დოლიძე მოქმედებდა, როგორც თბილისელი და ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესში ჩართული ამომრჩეველი.  მან გამოხატა თავისი სიმპათია მერობის კონკრეტული კანდიდატის მიმართ. ის ალბათ, როგორც პრეზიდენტის მრჩეველი, იქ არ მივიდოდა. რა თქმა უნდა, მას ამის უფლება აქვს.

"თუ ის იტყვის, მანდ იმიტომ ვიყავი, რომ პრეზიდენტის პოზიცია გამომეხატაო, მაშინ ეს იქნებოდა პრეზიდენტის პოზიცია და მისი სახელით მოქმედება. მაგრამ კანონდარღვევა არც ამ შემთხვევაში იქნება. პრეზიდენტი მოიაზრება ზეპარტიულ პირად და არ აქვს აკრძალული, საკუთარი სიმპათია გამოხატოს რომელიმე კანდიდატის მიმართ", - გვითხრა მუხაშავრიამ.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით კი, ასეთმა მხარდაჭერამ შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს ელისაშვილის რეიტინგზე.

"ანა დოლიძე თამამი ქალია, დამოუკიდებელი პირია, შეიძლება თქვას, პრეზიდენტის სახელით არ მოქმედებდა. შესაბამისად, ეს კანონდარღვევა არ არის. პრეზიდენტის სახელით რომ ელაპარაკა, ალბათ გაჩნდებოდა კითხვის ნიშნები.

"მაგრამ მე მაინც მგონია, რომ აჟიოტაჟის შექმნა ცოტა ნაადრევია და არ არის ბოლომდე გათვლილი ყველა ის შედეგი, რომლებიც შეიძლება მოიტანოს ამ ტიპის აქცენტებმა.

"წინასაარჩევნო კამპანია კი დაიწყო, მაგრამ მხარდაჭერის გამოცხადება მე მგონი, არ არის სასურველი. გუშინ ელისაშვილს დახმარება აღუთქვა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა და ეს შემთხვევით არ მოხდა. ელისაშვილმა, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა, საკმაოდ კარგი პოზიცია შეიქმნა, ამიტომ ის შეიძლება გახდეს პოლიტიკური პარტიების საყრდენი.

"უდუმაშვილის პრეცედენტმა გვაჩვენა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და სხვა პოლიტიკური პარტიები ეცდებიან, გამოიყენონ ელისაშვილის რეიტინგი. მას, როგორც ცალკე აღებულ პიროვნებას, გაუჭირდება ამასთან ბრძოლა", - გვითხრა საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×