24 ნოემბერს ბრიუსელში "აღმოსავლეთის პარტნიორობის" სამიტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს, უკრაინის, ბელორუსის, მოლდოვის, აზერბაიჯანისა და სომხეთის დელეგაციები. როგორც უკრიანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პაველ კლიმკინი აცხადებს, იგი უკვე შეხვდა თავის ქართველ და მოლდოველ კოლეგებს, რომლებთანაც ერთად უკვე განიხილა მომავალ სამიტთან დაკავშირებული საკითხები.
"მე უკვე შევხვდი ჩემს კოლეგებს საქართველოდან და მოლდოვიდან. მოვილაპარაკეთ, რომ გავააქტიუროთ "აღმოსავლეთის პარტნიორობის" სამიტის დღის წესრიგი - ჩვენი მოძრაობა ევროპისაკენ, ჩვენი მომავლისაკენ", - განაცხადა კლიმკინმა.
მომავალ სამიტთან დაკავშირებით და იმაზე, თუ რა პერსპექტივები აქვს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით, "რეზონანსი" ქართველ პოლიტოლოგებსა და ექსპერტებს გაესაუბრა.
"შეხვედრის შესახებ, რომელიც სამი ქვეყნის - მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელებს შორის გაიმართა, ვერაფერს გეტყვით. ჩემი ვარაუდით, ალბათ საუბარი იყო ამ სამ ქვეყანას შორის მომავალ თანამშრომლობაზე, კოორდინირებულ მუშაობაზე.
"არ ველოდები, რომ ეს სამიტი ამბიციური იქნება. რაც შეეხება განაცხადს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, არ ვფიქრობ, რომ ამჯერად საქართველომ შეიძლება ეს საკითხი დააყენოს, თუნდაც - განაცხადის სახით. ამაზე თავად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოს მხრიდან ოფიციალური განაცხადის გაკეთება არ განიხილება", - განაცხადა არასამთარობო ორგანიზაცია "ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამების მენეჯერმა ვანო ჩხიკვაძემ.
იგივე მოსაზრება აქვს პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი ამ ეტაპზე არ დგას და ამისთვის ევროპა დღეს მზად არ არის.
"ჩემი აზრით, ნაადრევია საუბარი იმაზე, რომ საქართველომ განაცხადის სახით მაინც დააყენოს მისი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი. ამისთვის თავად ევროპაც არ არის მზად და ვერც საქართველო აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს.
"ეს გამომდინარეობს ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მიმართულებითაც. თავად "ფრიდონ ჰაუსის" ანგარიშშია ნათქვამი, რომ საქართველო ნახევრად თავისუფალი ქვეყანაა. ის ქვეყნებიც კი, რომელთაც განაცხადი დიდი ხნის წინ აქვთ შეტანილი, ჯერაც არ არიან ევროკავშირის წევრები, მაგალითად - თურქეთი. ამიტომ ვფიქრობ, რომ დღის წესრიგში ეს საკითხი არ უნდა იდგეს თავად საქართველოს მხრიდან.
"რაც შეეხება მომავალი სამიტის დღის წესრიგს, ამ სამიტზე განხილული იქნება საკითხები, რომლებიც ეხება დემოკრატიას, უსაფრთხოებას, ასევე რუსეთთან მიმართებაში ერთიანი პოზიციის დაფიქსირებას, კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებული საკითხები და ა.შ.
"რამდენად ამბიციური იქნება ეს სამიტი და რა ახალი მიმართულებები გაჩნდება საქართველოსთან მიმართებაში, წინასწარ პროგნოზის გაკეთება ძნელია, თუმცა, საქართველომ და ზოგადად "აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამაში შემავალმა ქვეყნებმა საერთაშორისო ტრიბუნა მაქსიმალურად უნდა გამოყენონ და უნდა მოხდეს ევროპისაკენ მიმავალ გზაზე ერთიანი პოზიციის შეჯერება.
"შეიძლება ამ სამიტზე ქვეყნებს ახალი სტანდარტები დაუდგინონ, როგორც დემოკრატიის, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ასევე განიხილონ საკითხი, რომელიც რუსეთისათვის სანქციების გაგრძელებას უკავშირდება და ა.შ." - განაცხადა "რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.