გვანცა წულაია
26.08.2017

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილს ცესკო-ში წარსადგენი ხელმოწერების შეგროვებაში მხარი დაუჭირა. გუშინ დოლიძე მეტრო "ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა, სადაც ელისაშვილის მხარდასაჭერად ხელმოწერები გროვდებოდა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებელმა, უპარტიო კანდიდატებმა პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა მიიღონ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ადამიანი იყოს, რომლებიც პოლიტიკაში ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს გამოხატავენ. აქედან გამომდინარე, მე პირადად ვფიქრობ, რომ ალეკო ელისაშვილი თბილისის მერობის კანდიდატი უნდა იყოს. მას მხარი ხელმოწერების შეგროვებაში დავუჭირე", - განაცხადა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებელმა კანდიდატმა თბილისის მერად რეგისტრაციისთვის ცესკო-ს 1-ელ სექტემბრამდე ამომრჩევლის 10 000 ხელმოწერა უნდა წარუდგინოს.

რამდენად გამართლებულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის ღიად მხარდაჭერა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ლაშა ჩხარტიშვილი ("დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი): "ანა დოლიძე და ნებისმიერი ჩვენგანი ამასთანავე ამომრჩეველიცაა და ვფიქრობ, ეს სრულიად მისაღები ქმედებაა. პირადად მეც ასევე ალეკოს ვუჭერ მხარს, რადგან წარმოდგენილ კანდიდატებს შორის, მით უფრო წარმდგენ ჯგუფებს თუ გავითვალისიწნებთ, ის ყველაზე კარგი არჩევანია". 

 

 

 გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი): "არ ვიცი. ვერ გეტყვით, ამაზე არ მიფიქრია. ეს მათი საქმეა. ალბათ მისი პირადი ამბავია. ამაში რაღაც განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. ისე, მომხრე ვარ, რომ ალეკო ელისაშვილი კანდიდატი იყოს. მერიც რომ იყოს, ამას მხარს დავუჭერდი."

 

 

 ირმა სოხაძე (მომღერალი): "არ ვიცი, პოლიტიკურად რამდენად გამართლებული ან გაუმართლებელია. პირადად მე შეიძლება სულ არ ვაპირებ, რომ ალეკოს ხმა მივცე, მაგრამ იმაში, რომ ალეკო დაუშვან და 10 000 ხმა შეგროვდეს, ცუდს ვერაფერს ვხედავ. 

"პრინციპში, ალეკოს შეეძლო, ხელმოწერების შეგროვება ცოტა ადრე დაეწყო. როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა ხომ იცოდა, რომ ხელმოწერები დასჭირდებოდა...

"რატომ არ უნდა დაუშვან ადამიანი, რომელსაც ყველა წინაპირობა აქვს იმისა, რომ ხალხის მიერ არჩეული მერი იყოს?! თავისთავად ამას მივესალმები."

 გია ბურჯანაძე (მსახიობი): "არ შეიძლება, სწორია არ არის. პრეზიდენტი და მთელი მისი ადმინისტრაცია ამ შემთხვევაში ნეიტრალური უნდა იყოს. ასეთი ქმედებები არ უნდა გააკეთონ."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×