საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით 6 სექტემბერს სტასბურგში დაგეგმილ შეხვედრაზე ოპოზიცია წასვლას არ აპირებს. მათი მხრიდან ეს არის პასუხი ხელისუფლებას, რომელიც ოპოზიციურ სპექტრთაaნ დიალოგის გაგრძელებას შეუძლებლად მიიჩნევს.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე დიალოგის მორიგი რაუნდის დაწყება შეუძლებელია, რადგან ოპოზიციისგან მათ მხოლოდ ულტიმატუმი მიიღეს.
"ჩვენ გვქონდა იმედი, რომ ოპოზიციური პარტიები კონსტრუქციულად მიუდგებოდნენ დიალოგის პროცესს და რაციონალურად განსაზღვრავდნენ იმ საკითხს ან საკითხებს, რომელთა კონსტიტუციაში ასახვის შემთხვევაში, ისინი მხარს დაუჭერდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებს. თუმცა, ოპოზიციური პარტიებისგან ვერ მივიღეთ ის საკითხები, რომელთა გაზიარების შემთხვევაშიც საკონსტიტუციო ცვლილებებს მათი მხარდაჭერა ექნებოდა, მეტიც, ამის ნაცვლად, მათ წერილობით წარმოადგინეს 4 ულტიმატუმი, რომელთა გათვალისწინების პირობებშიც კი, ისინი არ გამოხატავენ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის მზადყოფნას", - აცხადებენ ხელისუფლებაში და აღნიშნავენ, რომ ოპოზიციის ამგვარი მიდგომა კონტრპროდუქტიულია და ოპოზიციური პარტიების თვითმიზანი კონსტრუქციული დიალოგისა და კონსენსუსის არარსებობაა.
"იმ პირობებში, როდესაც ოპოზიციური პარტიები ულტიმატუმს აყენებენ მხოლოდ და მხოლოდ დიალოგის დაწყების წინაპირობად და არ წარმოუდგენიათ საკითხების ჩამონათვალი, რომელთა კონსტიტუციაში ასახვის შემთხვევაში, ისინი მხარს დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს, შეუძლებელია დისკუსიის წარმოება საპარლამენტო უმრავლესობაში და შესაბამისად, დიალოგის მორიგი რაუნდის დაწყება ოპოზიციასთან", - აცხადებენ საპარლამენტო უმრავლესობაში.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა რურუა აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სტრასბურგში წასვლას არანაირი აზრი არ აქვს, რადგან ხელისუფლება ოპოზიციასთან დიალოგზე არ მიდის.
"კედელს ხომ არ დაველაპარაკებით?! სტრასბურგში წასვლას მხოლოდ მაშინ ექნებოდა აზრი, თუ ხელისუფლება დიალოგისთვის მზად იქნებოდა. ის ამაზე აცხადებს უარს, ანუ ცხადყოფს გადაწყვეტილებას, რომ უნდა ერთპარტიული კონსტიტუცია და მიიღებს კიდეც. ამით ხელში შერჩება ფსევდოკონსტიტუცია, აბსოლუტურად უვარგისი ქაღალდი, რომელიც ვერ იქნება დღეგრძელი", - ამბობს ნიკა რურუა.
რაც შეეხება ოპოზიციის შემდგომ ნაბიჯებს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი აცხადებს, რომ ამაზე იმსჯელებენ.
"ამას მოვილაპარაკებთ. ფაქტი ის არის, რომ ეს ქაღალდი არც ქვეყნის ამოცანებს და არც გამოწვევას არ პასუხობს. პირიქით, ეს არის ანტიდემოკრატიული, ოლიგარქიის დაკანონებაზე გათვლილი პროექტი, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაშია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებთან, ის საბოლოოდ აქრობს ხელისუფლების ანგარიშვადლდებულებას.
"ეს არის ქაღალდი, რომელიც სრულ იგნორირებას უკეთებს ქვეყნის უსაფრთხოებას, რომელიც ემსახურება ერთი პარტიის ინტერესებს და არანარი კონსენსუსის შედეგად არ მიღებულა. ამიტომ, მას არ ექნება პოლიტიკური ლეგიტიმაცია", - აცხადებს ნიკა რურუა.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი შალვა შავგულიძე აღნიშნავს, რომ ოპოზიცია მზად იყო დიალოგისთვის და წერილიც ამიტომ გაავრცელა, სადაც განმარტა საკუთარი ხედვა. ხოლო ულტიმატუმი იყო ის, რასაც ხელისუფლება მათ სთავაზობდა.
"ხელისუფლება ამბობს, ოპოზიცია გვესაუბრება ულტიმატუმის ენითო, მაგრამ მან თავად დაუყენა მთელ საქართველოს ულტიმატუმი. მისი პოზიციაა, რომ მე, "ქართულმა ოცნებამ" ჩავთვალე საჭიროდ, 2020 წელს არ გადავალ პროპორციულ სარჩევნო სისტემაზე, შევინარჩუნებ არსებულ მაჟორიტარულ-პროპორციულ სისტემას და ვისაც გინდათ, მოდით ჩემ მიერ მიღებული საარეჩევნო სისტემის რაღაც კომპონენტებზე სასაუბროდო. მართალია, მანამადე სხვა სისტემა შეგამუშავებინეთ, გაფიქრეთ და გამსჯელეთ, მაგრამ ახლა ასე მომინდაო. აი, ამას ჰქვია ულტიმატუმი", - აცხადებს შალვა შავგულიძე და აღნიშნავს, რომ ასეთი კონსტიტუციის ნეგატიურ შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება.
"რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ სტრასბურგში წასვლას, თუ ხელისუფლება არ უბრუნდება იმ მოცემულობას, რასაც ვთავაზობდით და ის ასე ჯიუტად გამოხატავს უპატივცემულობას საკუთარი მოქალაქეების წინაშე.
"ჯერ ერთი, ეს უკანონობაა, რადგან კონსტიტუციის მიღება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მას ჩაუტარდა საყოველთაო სახალხო განხლვა. ეს განხილვა ჩაუტარდა იმ ვერსიას, სადაც ეწერა, რომ 2020 წელს იქნება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა და არა ხელისუფლების მიერ შემდგომ შეცვლილ ვარიანტს. აქედან გამომდინარე, ამ უკანონობაში მათ ნამდვილად ხელს ვერ შევუწყობთ.
"საზოგადობამ უნდა დაინახოს, რომ არა მხოლოდ სოლიდური ოპოზიციური ძალაა ამ პოზიციაზე, არამედ საქართველოს არასამთავრობო სექტორი. გამოდის, რომ ყველა არასწორად აზროვნებს და ერთადერთი "ქართული ოცნებაა", რომელმაც იცის, როგორ ჯობია ამ ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის", - აცხადებს შალვა შავგულიძე და აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" დაადგა ისეთი თვითიზოლაციის გზას, რომელიც აუცილებლად კრახამდე მიიყვანს და ხელისუფლებას დააკარგვინებს.