"ახალი სისხლი" მმართველი პარტიის კანდიდატთა სიაში - ბოლო საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, "ქართული ოცნება" ამ ადგილობრივ არჩევნებზეც ძირითადად ახალი სახეებით აპირებს წარდგენას. როგორც "რეზონანსმა" გაარკვია, არც ერთ თვითმმართველ ქალაქში მოქმედი მერი ხელმეორედ აღარ იყრის კენჭს.
აღსანიშნავია, რომ ბორჯომის ხეობაში სტიქიასთან დაკავშირებით "ქართული ოცნება" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ წარადგენს. შესაბამისად, მაჟორიტარებისა და ქალაქების მერების კანდიდატების ვინაობაც მაშინ გახდება ცნობილი.
თუმცა, როგორც "რეზონანსმა" გაარკვია, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმის მერობის კანდიდატად აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ლაშა კომახიძეს განიხილავს. მოქმედი მერის, გიორგი ერმაკოვის ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია.
ქუთაისში ამ პოსტზე ვიცე-გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია განიხილება. მოქმედი მერის, შოთა მურღულიას ბედი უცნობია.
ფოთში გოჩა კურდელია განიხილება, მოქმედი მერი ირაკლი კაკულია კი, სავარაუდოდ, ადგილობრივი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.
ზუგდიდის მერობისათვის მოქმედი გამგებელი ლაშა გოგია იბძოლებს, რა ბედი ეწევა მოქმედ მერ ირაკლი გოგოხიას, უცნობია.
რუსთავის მერის პოსტზე კი ირაკლი ტაბაღუა განიხილება, რომელიც წლების განმავლობაში ფინანსთა სამინსიტროში მუშაობდა. მოქმედი მერი დავით ჯიქია, არაოფიციალური ინფორმაციით, აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილედ ინიშნება.
რაც შეეხება გორს, არსებული ინფორმაციით, ქალაქის პირველობისთვის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე კოტე თავზარაშვილი იბრძოლებს. მოქმედი მერის, ზურაბ ჯირკველიშვილის ბედი კი გაურკვეველია.
თბილისში, როგორც ცნობილია, დავით ნარმანიას ჩანაცვლება კახი კალაძით იგეგმება.
"ვერც ერთ კონკრეტულ კანდიდატს ვერ დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ. როგორც წესი, კანდიდატების ვინაობა წარდგენის დროს გახდება ცნობილი. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ბუნებრივია, რომ გუნდის განახლება ხდება. ახალი სისხლი იქნება ის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც ამ არჩევნებში წარმატებას უზრუნველყოფს. მაგრამ სახელსა და გვარებს ვერ დაგიკონკრეტებთ და ვერც იმას გეტყვით, გუნდი რამდენი პროცენტით განახლდება და რამდენით - არა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.
ის, რომ ამ არჩევნებშიც "ქართული ოცნების" მთავარი სტრატეგია ახალი სახეები იქნება, არ გაჰკვირვებიათ პოლიტოლოგებს. თუმცა, როგორც ანალიტიკოსი სოსო ცინცაძე ამბობს, ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც "ახალი ცოცხი კარგად გვის".
"როდესაც მმართველი გუნდი იწყებს კადრების შეცვლის ტოტალურ კამპანიას, ეს ნიშნავს იმას, რომ მას რეიტინგი არ აქვს. კარგს არ ცვლიან. მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც ახალი ცოცხი კარგად გვის.
"ოცნებას" აქვს საშინელი საკადრო შიმშილი. უჭირს, მშვიდად ვერ გრძნობს თავს. როდესაც მმართველი გუნდი თავს მშვიდად გრძნობს, თავს არ იწუხებს კადრების ძებნით. თუ ძველი კარგად მუშაობს, მაშინ რატომ უნდა შეიცვალოს?
"ეს არ არის "ახალი სისხლი". ეს არის ახალ ჭიქაში ჩასხმული ძველი ღვინო. უბრალოდ, ახალ კაბინეტებში შეუშვებენ და ახალ თანამდებობებზე დანიშნავენ. სწორი საკადრო სელექცია არ არის. ვერავინ გეტყვით, თბილისში, გარდა ნეპოტიზმისა, სხვა რა პრინციპით ირჩევენ კადრებს", - უთხრა "რეზონანსს" ცინცაძემ.
მისივე თქმით, ეს ცვლილება "ოცნების" გამარჯვების გარანტია ვერ იქნება.
"იქ, სადაც ნარმანია მერი გახდა და ჯეჯელავა მინისტრი და ვიცე-პრემიერი, რომელ საკადრო პოლიტიკაზე შეიძლება ლაპარაკი?! ეს ცვლილებები "ოცნების" გამარჯვების გარანტიად ვერ იქცევა. გამარჯვების გარანტია ტრადიციულად კვლავ ადმინისტრაციული რესურსი და დიდი ფული იქნება.
"ასევე "ოცნების" გამარჯვებაში თავისი წვლილი მიუძღვის ოპოზიციასაც. ყველაზე დიდი მადლობა არჩევნების შემდეგ მმართველმა პარტიამ ოპოზიციას უნდა გადაუხადოს", - გვითხრა ცინცაძემ.
ახალი სახეები რომ "ოცნების" გამარჯვების გარანტორები არ იქნებიან, ამას პოლიტოლოგია გია ხუხაშვილიც ამბობს. თუმცა, რეგიონებში ამ მხრივ რაიმე სიურპრიზს არ ელოდება.
"მერებმა და გამგებლებმა მმართველობის პერიოდში მოახერხეს თვითდისკერდიტაცია. მაქსიმალურად არაპოპულარულები არიან. შესაბამისად, ახლა "ოცნება" ცდილობს, რომ ეს არაპოპულარული ადამიანები ჩაანაცვლოს ე.წ. ახალი სახეებით.
"რეგიონებში მმართველი ძალისთვის დიდ სიურპრიზებს არ ველოდები იმიტომ, რომ რესურსები "ოცნებას" განუსაზღვრელად აქვს, ვიდრე სხვა პარტიებს. შეიძლება, ლოკალური სიურპრიზები იყოს, მაგრამ ნაციონალური მასშტაბით - არა.
"რაც შეხება ჩანაცვლებას, ეს გასაგებია, იმიტომ, რომ მინუსებში გასულ კანდიდატს ჯობია, ნულოვანი კანდიდატი გყავდეს, რომელიც შეიძლება, არ უყვარდეთ, მაგრამ არც ეჯავრებოდეთ, იყოს ნეიტრალური ადამიანი.
"ქართული ოცნების" შედეგი განპრობებული იქნება მხოლოდ რესურსებით, აქ კანდიდატების დამსახურება არაფერი იქნება. ეს არჩევნები, სამწუხაროდ, არის ისევ და ისევ რესურსების ომი და არა იდეების ომი", - ამბობს ხუხაშვილი.