(რეზონანსი) როგორც სავარაუდო იყო, საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნა შესრულდა და მაცნობეს, რომ ჩემ ტელეფონზე ფარული მიყურადება და ჩაწერა მიმდინარეობდა, არაფერი საინტერესო აღმოჩენილი არ იქნა და ეს შემატყობინეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2" - ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
გვარამიას საგამოძიებო უწყებაში იმ საქმის მასალები გააცნეს, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ეხება. საქმეში გიგა ბოკერიას, ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბარი ფიგურირებს.
გვარამია არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილს ამ საქმეზე ახალი ბრალი წარუდგინონ.
„საქმის მასალები ძალიან დიდია, ამიტომ გაცნობა არც გვიცდია, გავეცანით იმას, რაც ჩემთვის საინტერესო იყო. გამოძიება მიმდინარეობს, როგორც ამიხსნეს და რას დაადგენს გამოძიება, ამას მე ვერ გეტყვით, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ამ საქმის მთავარი ფიგურანტი მიხეილ სააკაშვილია, ის საქმეები, რომელიც აქ მის წინააღმდეგ მიმდინარეობს და ეკონომიკური ხასიათისაა, ამის საფუძველზე უკრაინიდან მისი ექსტრადიცია შეუძლებელია. არ არის გამორიცხული, რომ მას ბრალი წარუდგინონ ისეთი ტიპის ანუ მძიმე ბრალდებისთვის, რაც უკრაინის ხელისუფლებას შესაძლებლობას მისცემს, რომ სააკაშვილის ექსტრადაცია მოახდინოს. ეს ჩემი ვარაუდია", - აღნიშნა გვარამიამ.