(რეზონანსი) „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა უკვე დატოვა.
როგორც ბოკერიამ განაცხადა, მას გამომძიებლებმა უთხრეს, რომ მის სატელეფონო საუბრებზე მიმდინარეობდა ფარული მიყურადება. ბოკერია პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს და ამბობს, რომ საგამოძიებო უწყება აბსურდული საქმის გამოძიებითაა დაკავებული.
„ეს იყო ფორმალობა. შემატყობინეს, რომ ფარული მიყურადება მიმდინარეობდა. ამ ყველაფერში აღსანიშნავია, რომ გამოძიება საერთოდ რომ გრძელდება, იმ დიდი პრობლემის დემონსტრირებაა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს. როდესაც პოლიტიკური დაკვეთით ხელმძღვანელობისგან, ივანიშვილის დაკვეთით ის ორგანოები, რომლებიც ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას უნდა იცავდნენ და ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომ პრობლემებს უნდა ებრძოდნენ, როდესაც ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან მომდინარე პრობლემებზეა საუბარი, ამის მაგივრად, ასეთი პოლიტიკური და შეთითხნილი ბოდვის გამოძიებით არიან დაკავებულნი. თუ ჩემს მიყურადებას გააგრძელებენ, მათ ახალი განჩინების აღება მოუწევთ", -განაცხადა ბოკერიამ.
კითხვაზე, ეს დაბარებები სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენას ხომ არ უკავშირდება, ბოკერიამ განაცხადა:
„ვარაუდების გამოთქმა არ მიყვარს, მაგრამ იმ აბსურდიდან, რასაც სახელმწიფო გადატრიალების საქმე გულისხმობს, რომელიც აქტუალური არჩევნების წინ იყო და ახლა არჩევნების წინ კიდევ გააქტიურდა, ყველამ იცის, რომ ეს სისულელეა. ამ აბსურდიდან გამომდინარე, ვერაფერს გამოვრიცხავ, თუმცა ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა ჩვენ ქვეყანას სხვა ქვეყნების თვალში უკვე დიდი ზიანი და დარტყმა მიაყენა პოლიტიკური დევნით, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მიმართ და სავარაუდოდ მთავრობა ამას გააგრძელებს, რადგან ამ ტიპის ქმედებების გარდა მეტი არაფერი იცის ", - აღნიშნა ბოკერიამ.