რეზონანსი
27.08.2017

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბორჯომის ხეობაში ჩამოვარდნილ ქართულ ვერტმფრენთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილ ვერტმფრენს - „მი-8" - ს სარეგლამენტო შემოწმება 2 დღის წინ ჩაუტარდა. მომხდარზე გამოძიება 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

„ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიის პრევენციული დამუშავებისას, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური ავზიდან წყლის აღების დროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა - „მი-8"-მ ავარიული დაჯდომა განახორციელა.

„შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ, სახანძრო - სამაშველო ჯგუფები და შესაბამისი სპეცტექნიკა, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები გავიდნენ. პირველადი ინფორმაციით, წყლის აღების დროს, ვერტმფრენს ჩამოვარდნის საფრთხე შეექმნა.

„მფრინავების პროფესიონალური და ოპერატიული მოქმედების შედეგად, ვერტმფრენის დასმა შესაძლებელი გახდა, რითაც თავიდან უდიდესი ტრაგედია აცილებული იქნა. იმის გამო, რომ კალათა წყლით იყო სავსე, ავარიული დაშვება წყალზევე განხორციელდა. პრევენციისა და შემდგომი გამოკვლევის მიზნით, ვერტმფრენში მყოფი ეკიპაჟის 3 წევრი და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მეოთხე თანამშრომელი, რომელიც სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა თბილისში, სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილ ვერტმფრენს - „მი-8" - ს სარეგლამენტო შემოწმება 2 დღის წინ, 25 აგვისტოს ჩაუტარდა. მოცემულ დროს, ვერტმფრენის ძრავი სრულ წესრიგში იმყოფებოდა. ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს აღნიშნულმა ვერტმფრენმა 600-მდე გაფრენა განახორციელა და ცეცხლის კერებს 1300-მდე ტონა წყალი დაასხა. ფაქტზე გამოძიება შსს-მ სსკ-ს 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო",- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×