(რეზონანსი) დაშავებულთა მდგომარეობა მსუბუქია, და სავარაუდოდ რამდენიმე საათიანი მეთვალყურეობის შემდეგ მათ შეეძლებათ სამედიცინო დაწესებულება დატოვონ, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
მინისტრმა ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული ეკიპაჟის წევრები და მაშველი მოინახულა და აღნიშნა, რომ მათ სასიცოცხლო ფუნქციები ნორმაში აქვთ, მდგომარეობა მსუბუქია და ამჟამად კვლევები უტარდებათ.
"არც ერთ მათგანს არათუ მძიმე, არამედ საშუალო ხარისხის დაზიანება არ აღენიშნებათ, ისინი აბსოლუტურად კონტაქტურები არიან, სასიცოცხცლო ფუნქციები შენარჩუნებულია და პირველი რიგის კვლევები უკვე ჩატარდა. დაზიანებები არ აღენიშნებათ. მეორე რიგის კვლევების დასრულების შემდეგ საბოლოოდ შედეგები გვეცოდინება. წინასწარი შეფასებით, მდგომარეობა მსუბუქია და სავარაუდოდ, რამდენიმე საათიანი მეთვალყურეობის შემდეგ მათ შეეძლებათ სამედიცინო დაწესებულება დატოვონ", - ამბობს სერგეენკო.
ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიის პრევენციული დამუშავებისას, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური ავზიდან წყლის აღების დროს, საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა - „მი-8"-მ ავარიული დაჯდომა განახორციელა.