(რეზონანსი) დედაქალაქის საკრებულოს წევრს ზურაბ ნეფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოიტანა. ამასთან, ორთვიანი პატიმრობა მასთან ერთად დაკავებულ ანა მენთეშაშვილსაც შეეფარდა, რომელიც პროკურატურის ინფორმაციით, მისი ცოლის დაა.
დაცვის მხარის, ადვოკატმა სასამართლოს ნეფარიძის შემთხვევაში 5000 ლარის გირაოს შუამდგომლობით მიმართა, ანა მენთეშაშვილის შემთხვევაში კი შუამდგომლობა დააყენა, რომ პატიმრიბაში არ დაეტოვებინა.
ზურაბ ნეფარიძე წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და მიაჩნია, რომ ბრალდებაში არსებული მტკიცებულებები აბსურდულია.
წინასასამართლო სხდომა 16 ოქტომბერს, 14:00 საათზე დაინიშნა.
ნეფარიძეს ბრალი სსკ-ს 338-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ზურაბ ნეფარიძეს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ნეფარიძეს ბრალად ედება ერთ-ერთი თანამშრომლისთვის ყოველთვიურად, ხელფასიდან 400 ლარის გამორთმევა იმის სანაცვლოდ, რომ ის სამსახურიდან არ გაეგდოთ.
თბილისის საკრებულოს წევრი სუს-ის წარმომადგენლებმა დააკავეს.