რეზონანსი
28.08.2017

 (რეზონანსი) მდინარე გუჯარულაში ჩავარდნილ ვერტმფრენს რამდენიმე საათში თბილისში გადაიტანენ და შესაბამისი ექსპერტიზები დაინიშნება, - ამის შესახებ სტიქიის ზონაში მყოფმა შსს-ს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.

მღებრიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზზე ვერ ისაუბრებს. ასევე, უცნობია, შეძლებენ თუ არა ვერტმფრენის აღდგენას.

„ამ დარგის სპეციალისტი არ ვარ, ვერ გეტყვით ამ ვერტმფრენის აღდგენა მოხდება თუ არა, ამას ექსპერტიზა დაადგენს და შემდეგ უკვე შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ ", - დასძინა მღებრიშვილმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სახანძრო სამუშაოებში ჩართული ორივე ქართული ვერტმფრენი ტექნიკურად გამართული იყო.

"გაუმართავი არც ერთი ვერტმფრენი არ ყოფილა. ერთ ვერტმფრენს რეგლამენტი ჩაუტარდა და ისიც სამუშაოებს შეუერთდა, თუმცა ვერტმფრენი, რომელმაც გუშინ ავარიული დაშვება განახორციელა, არ ყოფილა ის ვერტმფრენი, რომელსაც რეგლამენტი ჩაუტარდა. აღნიშნული ვერტმფრენი სტიქიის ზონაში პირველივე დღიდან მუშაობდა", - განაცხადა მღებრიშვილმა.

გუშინ დილით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს ქართული ვერტმფრენი რეზერვუარის წყლით ავსების დროს ჩამოვარდა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ს 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×