(რეზონანსი) ქართველმა დიპლომატებმა რუსულ მხარეს დახმარების თხოვნით ოფიციალურად მიმართეს. აღნიშნული „კურიერთან" რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
ზახაროვა განმარტავს რომ ქართული მხარისგან ბორჯომის ხეობაში სახანძრო სამუშაოებში ჩართვის თხოვნა მოსკოვში შვეიცარული დიპლომატიური ხაზის გავლით მიიღეს, რომელიც 2008 წლის შემდეგ ორ ქვეყნის დიპლომატებს შორის კომუნიკაციას ემსახურება.
„23 აგვისტოს თბილისისგან თხოვნა მივიღეთ, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრის ჩაქრობაში დავხმარებოდით. შეტყობინება ნოტით რუსეთში შვეიცარიის საელჩოში არსებული საქართველოს ინტერესების სექციიდან იყო გაფორმებული. რუსულმა მხარემ ამ თხოვნაზე რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინა და რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თვითმფრინავი "ილ 76" გამოყო, თუმცა შემდგომ ქართულმა მხარემ მადლობა გადაგვიხადა და შეგვატყობინა, რომ ხანძრის კერები ლოკალიზებულია და რუსული მხარის დახმარების საჭიროება აღარ იყო. შესაბამისი ნოტა შვეიცარიის საელჩოს ქართული ინტერესების სექციიდან 24 აგვისტოს მივიღეთ", - ამბობს ზახაროვა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოსგან დახმარების თხოვნა რუსეთმა გაერო-ს არხებით მიიღო.
თავის მხრივ, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენლმა, აბაშიძემ განაცხადა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მასსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინის შორის სატალეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც რუსეთის მხრიდან დახმარების მზაობა გამოიხატა.
მისივე თქმით, ამის შემდეგ, შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით რუსეთის მხარეს შესაბამისი ნოტა გაეგზავნა, თუმცა მოგვიანებით მათი დახმარების აუცილებლობა დღის წესრიგში აღარ დადგა.