სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატის შესარჩევმა კომისიამ მთავრობისთვის წარსადგენი კანდიდატურები შეარჩია. მოსამართლეობის კანდიდატად ოთხი პირი შეირჩა. ყველაზე მაღალი ქულა ლალი ფაფიაშვილმა აიღო (4.82), შემდეგი თამარ ალანიაა (4.45), ოთარ სიჭინავამ და იოსებ ბაჩიაშვილმა კი თანაბარი (3.75) ქულა აიღეს.
აღნიშნული 4 კანდიდატიდან საქართველოს მთავრობა შესაბამის პოზიციაზე 2 კანდიდატს წარადგენს, მათ შორის ერთი აუცილებლად ქალი უნდა იყოს.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესს კოალიციაში - "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" შემავალმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბოიკოტი გამოუცხადეს.
"როდესაც მესამედ ტარდება კონკურსი, ეს ნიშნავს, რომ პროცესში არის ხარვეზები," - ასე შეაფასა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი.
ცნობისათვის, საქართველოს სტრასბურგში წარსადგენი მოსამართლეების შერჩევა უკვე მესამედ უწევს, ვინაიდან ორჯერ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს მთავრობას წარდგენილი კანდიდატები დაუწუნა.
თქვენი აზრით, რატომ იწუნებს სტრასბურგის სასამართლო საქართველოს მთავრობის მიერ შერჩეულ მოსამართლეობის კანდიდატებს? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): "სავარაუდოდ, იმიტომ, რომ ხელისუფლება აიძულოს, ერთ-ერთი წარდგენილი კანდიდატი გიორგი პაპუაშვილი იყოს."
მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): "სტრასბურგის სასამართლო საქართველოს სასამართლო არ არის, რომ საქართველოს მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატები უპრობლემოდ გავიდნენ. იქ სხვა ობიექტური კრიტერიუმებია. როგორც ჩანს, საქართველოს მხრიდან წარდგენილი კანდიდატურები იმ მოთხოვნებს და კრიტერიუმებს, რასაც სტრასბურგის სასამართლო ითვალისწინებს, ვერ აკმაყოფილებენ. ისეთ რეალურ პიროვნებებს არ არჩევენ, ვისი მონაცემებიც იმ სტანდარტში უნდა ჯდებოდეს.
"აქ უკვე ეჭვგარეშეა, რომ რაღაც დაინტერესებასთან გვაქვს საქმე - რომ გაიყვანონ ისეთი კანდიდატურები, რომლებიც შემდგომში ევროპის სასამართლოში საქართველოს მთავრობის ნებისმიერ მოთხოვნას გაატარებენ. ეს ალბათ ევროსასამართლოში იციან და ამ კანდიდატურებს წინააღმდეგობა ხვდება."
სეგრო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი):"სამწუხაროა, როდესაც ასეთი რამ ხდება. აქ ორი სავარაუდო მომენტია. ერთი, რომ შესაძლოა, ამ კანდიდატურებთან კითხვებია. მეორე კი, მოსამართლეობის ამ კანდიდატებზე გარკვეული ოპოზიციური ძალებისგან არასასურველი ინფორმაცია მიდის. ამ ორიდან მეორე უფრო მგონია."
ნუცა ჯანელიძე ხელოვნებათმცოდნე):"ვფიქრობ, რომ საქმეში "კეთილის მსურველები" ერევიან. ვერ დავიჯერებ, ჩვენთან იმდენად არაკომპეტენტური კომისია იყოს, რომ სულ უცოდინრები ამოარჩიონ და ისინი გააგზავნონ. "კეთილი ადამიანები" არიან ისინი, ვინც იქ და აქედან მუშაობს."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე