გვანცა ღვედაშვილი
28.08.2017

 "დიაგნოზი დასმულია, ეს არის ერთი რუხი მასა და სახელებს და გვარებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს", - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "მთელ კვირასთან" საუბრისას თბილისის საკრებულოს არჩევნებში "ქართული ოცნების" მიერ წარსადგენ კანდიდატებს. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე სულ რაღაც 2 თვე დარჩა, საზოგადოებისთვის ჯერ ისევ უცნობია, რა ცვლილებებს გეგმავს მმართველი ძალა თბილისის საკრებულოში და რა ბედი ელით საკრებულოში შემავალ უმრავლესობის წევრებს.

თუკი წინა საპარლამენტო არჩევნებს გავითვალისწინებთ, სადაც "ქართულმა ოცნებამ" თავისი შემადგენლობის თითქმის 40% განაახლა, გამორიცხული ნამდვილად არ არის, თვითმმართველობის არჩევნებშიც "ოცნების" კანდიდატთა მნიშვნელოვანი გადახალისების მოწმე გავხდეთ. მით უმეტეს, "რეზონანსის" წინა ნომერში აღვნიშნეთ, რომ "ქართული ოცნება" შვიდივე თვითმმართველი ქალაქის მერის შეცვლას აპირებს.

პოლიტოლოგებს გარკვეულწილად უჭირთ საკრებულოს კონკრეტულ წევრებზე საუბარი, რადგან, ზოგადად, საკრებულოს როგორც სახელმწიფო ორგანოს, მნიშვნელობა, მათი შეფასებით, იმდენად დაბალია, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება საკრებულოში და განახლდება თუ არა არსებული შემადგენლობა.

ცვლილებები აუცილებლად იქნება, რაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამაუკა მდინარაძემ უკვე დაადასტურა, თუმცა დაკონკრეტებისგან, რამდენი პროცენტით განახლდება გუნდი, ვინ წავა და ვინ შეემატება, თავი შეიკავა.

"ბუნებრივია, რომ გუნდის განახლება ხდება. ახალი სისხლი იქნება ის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც ამ არჩევნებში წარმატებას უზრუნველყოფს. მაგრამ სახელსა და გვარებს ვერ დაგიკონკრეტებთ და ვერც იმას გეტყვით, გუნდი რამდენი პროცენტით განახლდება", - განაცხადა მდინარაძემ.

როგორც საკრებულოში "ქართული ოცნების" წევრი ჯაბა სამუშია "მთელ კვირასთან" საუბრისას ამბობს, კონკრეტულ ცვლილებებზე საუბარი არც მას შეუძლია. შესაბამისად, შეიცვლებიან თუ არა მმართველი პარტიის საკრებულოს წევრები, ან რომელი წევრები შეიცვლებიან, ამაზე პასუხი ვერც მისგან მივიღეთ. თუმცა, მისი თქმით, პარტიის პოლიტსაბჭო გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში გაასაჯაროებს.

"ნამდვილად არ ვარ საქმის კურსში. ვერაფერს გეტყვით. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა და საზოგადოებას საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ პოლიტსაბჭო გააცნობს.

"როდის გახდება კონკრეტული სია ცნობილი, ვერ გეტყვით. ამ საკითხზე იყო გარკვეული მოლაპარაკება, მუშაობა მიმდინარეობდა და უახლოეს პერიოდში ეს საკითხი საჯარო გახდება", - აცხადებს სამუშია.

"მთელი კვირის" კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანი ცვლილებები შევა სიაში და რამდენად მასშტაბური გადახალისება მოხდება საკრებულოს მმართველი პარტიის რიგებში, საკრებულოს უმრავლესობის წევრი პასუხისგან თავს იკავებს,

"კონკრეტულად ვერ მოგახსენებთ, პროცესზე შემიძლია გითხრათ, რომ ამასთან დაკავშირებით პარტიის პოლიტსაბჭო გადაწყვეტილებას საზოგადოებას ნამდვილად გააცნობს", - აცხადებს ჯაბა სამუშია.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით კი, თბილისის საკრებულოში "ქართული ოცნების" წევრთა შემადგენლობა მნიშვნელოვნად განახლდება თუ საერთოდ უცვლელი დარჩება, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ინტრიგა მაინც მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით იქნება.

"არ მგონია, ზოგადად, ეს საკითხი საინტერესო იყოს, რადგან არსებული საკრებულოს წევრებს, მგონი, არავინ იცნობს, მათ შორის არც მე. შესაბამისად, ისინი ჩემთვის არც ცუდები იყვნენ და არც კარგები. შემდგომი შემადგენლობაც დაახლოებით იმავე შეგრძნებას გამოიწვევს.

"ამიტომ მთავარი ინტრიგა მაინც მერობის კანდიდატები და მასზე მიბმული რამდენიმე ადამიანია. ეს შეიძლება "ქართული ოცნების" შიდა ძალების გადანაწილების თვალსაზრისით საინტერესო იყოს, მაგრამ არც ქალაქის მართვის და არც სახელმწიფო ინტერესების პრიზმაში არ არის საინტერესო.

"თბილისში რომ გამოკითხვა ჩაატაროთ, საკრებულოს წევრის სამ გვარს ვერ დაგისახელებთ ვერავინ. ასე რომ, აქ დიაგნოზი დასმულია. ეს არის ერთი რუხი მასა და სახელებს და გვარებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს", - განაცხადა ხუხაშვილმა.

ცალკე საკრებულოს სამუშაო პროცესის განხილვა რთულია პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძისთვისაც. მისი თქმით, საკრებულოს მუშაობა მერიასთან არის გადაჯაჭვული და ცალკე ამ ორგანოს განხილვა თითქმის წარმოუდგენელია.

ამასთან, პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ რა შემადგენლობაც უნდა იყოს, მთავარი გადასაჭრელი პრობლემა ქალაქის გენერალური განვითარების გეგმაა, რომელიც ჯერ უსევ არ არის დამტკიცებული.

"საკრებულოს საქმიანობის სრულყოფილი შეფასება გამიჭირდება იმდენად, რამდენადაც მისი გადაწყვეტილებები ძირითადად დაკავშირებულია მერიასთან. აქედან გამომდინარე, არ მგონია, ბრწყინვალე ყოფილიყოს საკრებულოსა და მერიის საქმიანობა, თუმცა მას ვერც კატასტროფულად შევაფასებ.

"მთავარი ის არის, რომ, ზოგადად, თუკი თბილისის საკრებულოსა და მერიაზე ვილაპარაკებთ, ქალაქის განვითარებისა და მოწყობის სტრატეგია არ არსებობდა და, მგონი, დღესაც არ არის ქალაქის გენერალური გეგმა მიღებული. სანამ ეს არ მოხდება, მანამდე იმაზე ლაპარაკი, როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი და რა უნდა გაკეთდეს, ძალიან რთული იქნება.

"გარდა ამისა, თბილისი თავკომბალაა, ეს პრობლემა კი საბოლოოდ უნდა გადაწყდეს და მოგვარდეს ხელისუფლებასთან ერთად. სხვაგვარად ცალკე თბილისი ვერ შეძლებს იმ პრობლემებთან გამკლავებას, რომლის წინაშეც არის. ამიტომ მგონია, რომ ახალი საკრებულოს და მერიის მიზანი და მიმართულება ეს უნდა იყოს.

"რაც შეეხება უშუალოდ საკრებულოს "ოცნების" წევრებს, გამიჭირდება თითოეული მათგანის შეფასება, რადგან ამისთვის ზედმიწევნით უნდა იცოდე მათი საქმიანობა, განაცხადა პოლიტოლოგმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×