ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი კრიმინალური დაპირისპირება დაიწყო. ბოლო ერთი თვეა, გავლენის სფეროების გასანაწილებლად "კანონიერი ქურდები" ხმაურიან შეკრებებს მმართავენ. ერთ-ერთი ასეთი შეკრება კი 24 აგვისტოს გუდაუთაში გაიმართა, რომელიც შეიარაღებული დაპირისპირებით დასრულდა. დაჭრილია რამდენიმე "ქურდი".
ცნობისათვის მიმდინარე წლის დასაწყისიდან ეს კრიმინალური სამყაროს ლიდერების უმსხვილესი შეკრება იყო. იგი გუდაუთაში ჩატარდა, როგორც რუსული მედია აღნიშნავს, "საგანგებოდ შერჩეულ ტერიტორიაზე, რომელიც რუსული მილიციის იურისდიქციაში არ შედის". განსახილველი საკითხები იყო რუსეთის სამხრეთ რეგიონებსა და კავკასიაში გავლენის სფეროების ახალი გადანაწილება და კრიმინალურ ჯგუფებს შორის არსებული კონფლიქტების გადაწყვეტა.
საკითხების მშვიდობიანად განხილვა არ გამოვიდა - შეკრება ჩხუბითა და სროლით დასრულდა.
რუსული სააგენტო "პრაიმ კრაიმის" ინფორმაციით, ძირითადი კონფლიქტი ოკუპირებული აფხაზეთის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან "ქურდს" - რაულ ბარცბასა და კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებიდან ჩამოსულ "ქურდებს" შორის მოხდა. ბარცბასა და მის მხარდამჭერებს ცემა დაუწყეს, მან კი საპასუხოდ პისტოლეტიდან ცეცხლი გახსნა.
შედეგად, მძიმედ დაიჭრნენ რაშად ალიევი (მეტსახელად რაშად გიანჯინსკი), რომან დმიტრიევი (რომა სტავროპოლსკი) და ნიკო დგებუაძე (ნიკო გაგრელი).
აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი გაგრაში კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის არსებული კონფლიქტის მოსაგვარებლად მაისში ჩავიდა, რამაც გარკვეული კრიმინალური ავტორიტეტების აღშფოთება გამოიწვია და მას თავის დროზე ფიზიკურადაც კი გაუსწორდნენ.
აფხაზი ე.წ. კანონიერი ქურდები ხასა (ალხას ავიძბა) და ასტიკმა (ასტამურ შამბა), რომელთა შესახებაც, "პრაიმ კრაიმის" ცნობით, ერთ-ერთ შეხვედრაზე გაგრაში ნიკა დგებუაძემ კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვა, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
დგებუაძე გაგრის დატოვებას აპირებდა, რა დროსაც მას ორი მანქანით დაეწივნენ, გადმოიყვანეს მანქანიდან და პისტოლეტის ტარით სცემეს, შემდეგ კი გზაზე მიატოვეს და გაიქცნენ. ერთ-ერთი ვერსიით, ნიკა დგებუაძე კლინიკაში გამვლელებმა გადაიყვანეს.
მაშინ რუსული პრესა წერდა, რომ ეს კონფლიქტი გაგრძელებას აუცილებლად ჰპოვებდა, რადგან ნიკო გაგრინსკი იქ არა თავისი ინიციატივით, არამედ "კანონიერი ქურდების" ჯგუფის დელეგირებით იყო ჩასული და მისი ცემა ამ ავტორიტეტების შეურაცხყოფად აღიქმება.
სოხუმში მიმდინარე ამ დაპირისპირებას წმინდა კრიმინალურ პროცესად მიიჩნევენ ქართველი პოლიტოლოგები.
ექსპერტთა კლუბის წევრი ირაკლი ცქიტიშვილი ამბობს, რომ "კანონიერ ქურდებს" შორის დაპირისპირება ყოველთვის იყო, თუმცა ეს უკანასკნელი მოვლენა ეროვნულ საკითხს უკავშირდება.
"აფხაზეთში "კანონიერ ქურდებს" შორის დაპირისპირება ყოველთვის იყო. თუმცა, ახლა ამ შეთხვევაში გუდაუთაში მცხოვრებ კრიმინალებს უნდათ, თავად მართონ ქალაქი და არ უნდათ, რომ სხვები იყვნენ ჩარეული, განსაკუთრებით ქართველები. ქურდული სამყაროს მიმართ მოსახლეობა ძალიან ცუდად არის განწყობილი, მაგრამ მათ არავინ არაფერს ეკითხება.
"როგორც ცნობილია, ხელისუფლება მათთან შეკრულია, ამიტომაც დაიარებიან ასე თავისუფლად. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ იქ ჩასული იყო ე.წ. ქურდული სამყაროს მამამთავარი დედ ჰასანი, ისვენებდა. ასე რომ, აფხაზეთი ქურდული სამყაროსთვის ინტერესის სფეროა. შესაბამისად, იქ ასეთი კრიმინალური გარჩევები ყოველთვის არის", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას ცქიტიშვილი.
24 აგვისტოს გუდაუთაში კრიმინალურ სამყაროს წევრებს შორის მომხდარ დაპირისპირებაში ეროვნულ ნიადაგს გამორიცხავს კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე. მისი თქმით, გავლენის სფეროების გასანაწილებლად ქურდული სამყაროს წევრებისთვის ასეთი დაპირისპირება დამახასიათებელია.
"იქ არსებული სიტუაცია არის კლასიკური მაგალითი იმისა, რაც ხდება პოსტსაბჭოთა სივრცეში მას შემდეგ, რაც ცნობილი "კანონიერი ქურდები" ან ციხეში სხედან, ან დაიღუპნენ.
"სიტუაციის გადალაგება მიმდინარეობს, რაც, ზოგადად, ახასიათებს ამ სამყაროს. ანალოგიური ვითარება მიმდებარედ, კრასნოდარშიც ხდება. იქაც ძალიან სერიოზული დაპირისპირებაა. აფხაზეთშიც, როგორც ჩანს, სხვადასხვა ჯგუფს შორის მიმდინარეობს დაპირისპირება. დაძაბულობაა "ძველებსა" და "ახლებს" შორის. აქ ეროვნულობა გადამწყვეტ როლს არ თამაშობს. რომ გითხრათ, აფხაზებსა და ქართველებს შორის დაპირისპირებაა, არ ვიქნები მართალი.
"შედარებით ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი რაულ ბარცბა, მეტსახელად პიზა, ცდილობს მთელი რეგიონის დაქვემდებარებას. სწორედ ამიტომ იგი უპირისპირდება ცნობილ ავტორიტეტებს, მერაბ ჯანგველაძესა (სოხუმსკი) და აპაკელას. სოხუმსკი ციხეშია, აპაკელა კი ასაკოვანი კრიმინალი ავტორიტეტია და რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად.
"აი, ამ ხალხის არყოფნის პერიოდში დაიწყეს ახალი გადანაწილება და ეროვნული თემა გამორიცხულია. აქ დაპირისპირება "ახლებსა" და "ძველებს" შორისაა, მაგრამ, ასევე, შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული დაპირისპირებაა გუდაუთელებსა და გაგრელებს შორის.
"ეს "მიმდინარე" პროცესია, ასეთი რამ სულ ხდება და მოხდება, ვიდრე არ მოვა ისეთი "ავტორიტეტი", რომელიც ხელში დაიჭერს მთლიანად ამ პროცესს. ამას მსხვერპლიც მოჰყვება ხოლმე, "კანონიერი ქურდისთვის" სტატუსის ჩამორთმევაც და ბევრი მსგავსი ფაქტი", - გვითხრა არეშიძემ.