გვანცა ღვედაშვილი
28.08.2017

 ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული თბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ ნეფარიძე ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატი მომხდარს პოლიტიკური მოტივით ხსნის და მიანიშნებს, რომ ნეფარიძის დაკავება, შესაძლოა, "ოცნების" გარკვეული ნაწილის ინტერესებში შედიოდა.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ "ქართულ ოცნებას" შეუძლია ეს ფაქტი თავისი რეიტინგის ასამაღლებლადაც კი გამოიყენოს.

შეგახსენებთ, რომ 26 აგვისტოს სამართალდამცავებმა თბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ ნეფარიძე დააკავეს. ბრალდებულის ადვოკატ სულხან კაპანაძის თქმით, დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

აღსანიშნავია, რომ საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, ზურაბ ნეფარიძე წარსულში თაღლითობისთვის იყო დაკავებული, ხოლო 2013 წელს "ქართული ოცნების" მიერ პოლიტპატიმრის სტატუსით განთავისუფლდა და თბილისის საკრებულოში "ეროვნული ფორუმის" კვოტით 2014 წლიდან დაიწყო მუშაობა. თუმცა დღეისათვის ის "ფორუმის" წევრი აღარ არის.

1992-1998 წლებში ზურაბ ნეფარიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ სამძებრო და საგამოძიებო სამმართველოებში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა. ასევე, დააფუძნა "ადვოკატთა კორპორაცია" და "საქართველოს ადვოკატთა ეროვნული ასოციაცია".

ნეფარიძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს და მის დაკავებას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს.

"ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. მის პოლიტიკურ მოტივებთან, პოლიტიკურ აქტივობასთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. "ქართული ოცნების" ფრაქციის წევრი კი იყო, მაგრამ ბოლოს თემები არ იყო დალაგებული ამ ურთიერთობაში და გარკვეულწილად დამოუკიდებელი პროექტები ჰქონდა. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ამ მიმართულებით იყო ეს მოქმედებები განხორციელებული," - განაცხადა ზურაბ ნეფარიძის ადვოკატმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას.

"მთელი კვირა" შეეცადა, ზურაბ ნეფარიძის საქმიანობის შესახებ მეტი გაეგო როგორც საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრების, ისე მისი ყოფილი თანაგუნდელებისგან.

როგორც ჩვენთან საუბრისას საკრებულოს წევრმა "ქართული ოცნებიდან" ჯაბა სამუშიამ განაცხადა, ნეფარიძეზე არაფრის თქმა არ შეუძლია, თუმცა თავად ფაქტს სამწუხაროს უწოდებს.

"სამწუხაროდ, საკითხთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას არ ვფლობ. ყველაზე კარგად ამ პიროვნებას მისი ფრაქციის წევრები იცნობენ. მე როგორ გითხრათ რამე, თუმცა ძალიან სამწუხარო ფაქტია", - განაცხადა სამუშიამ.

"ეროვნული ფორუმის" წევრ ანი მიროტაძის შეფასებით კი, "ფორუმში" ყოფნის პერიოდში ნეფარიძე ისნის რაიონის წარმატებული ხელმძღვანელი იყო. რაც შეხება უშუალოდ ამ ფაქტს და მის წარსულს, მიროტაძე "მთელ კვირასთან" აღნიშნავს, რომ მსგავსი არაფერი სმენია და მისთვის რთულია ახლანდელი ფაქტის როგორც დაჯერება, ისე კომენტარი ამაზე.

"მე არ ვიცი, რას ედავება კონკრეტულად გამოძიება ნეფარიძეს. ალბათ შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა მოუწევს გამოძიებას. სხვანაირად ადამიანზე, რომელსაც არ ვიცით, რის საფუძველზე წაუყენეს ბრალი, გამიჭირდება ვთქვა, ჰქონდა თუ არა შეხება, ან რა ტიპის შეხება ჰქონდა დანაშაულთან. მანამდე არანაირი ფაქტი არ ვიცი, რომ მას რაიმე შეხება ჰქონოდა მსგავსი ტიპის ქმედებასთან. ჩემთვის ამის დაჯერებაც რთულია და კომენტარიც. თუ გამოძიება დაადგენს, რომ ეს ფაქტი მართალია, ძალიან სამწუხარო იქნება. თუმცა მე მაინც თავს შევიკავებ კომენტარისგან.

"რაც შეეხება "ეროვნულ ფორუმში" მისი ყოფნის პერიოდს, ის წლების განმავლობაში ისნის რაიონის ხელმძღვანელი იყო და ერთ-ერთი წარმატებულიც. სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია", - განაცხადა მიროტაძემ.

რამდენად შესაძლებელია, რომ ზურაბ ნეფარიძის ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებამ "ქართული ოცნების" რეიტინგზე გარკვეული გავლენა მოახდინოს, მით უმეტეს მაშინ, თუ გავითვალისწინებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, თუკი ამ ფაქტს "ქართული ოცნება" სწორად გამოიყენებს, ეს მის რეიტინგზე უარყოფითად კი არა, დადებითად იმოქმედებს.

"გააჩნია, თავად "ქართული ოცნება" როგორ გამოიყენებს და რა კონტექსტში ჩასვამს ამ ფაქტს. თუკი იგი მომავალ ამომრჩევლებს დაანახებს, რომ "ოცნება" თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას, რომ მისი წევრებიც დაისჯებიან, თუ კანონს დაარღვევენ, ეს მათზე დადებითად იმოქმედებს. თუ ფაქტის მიჩქმალვას ეცდებიან, ეს უარყოფით შედეგს მოიტანს. თუმცა ეს უკანასკნელი ნაკლებად სავარაუდოა, ვინაიდან "ოცნება" და "ეროვნული ფორუმი" ერთი პოლიტიკური ძალა არ არიან.

"ეს არ არის ისეთი ფაქტი, რომელიც სასურველია "ოცნებისთვის". მას ისე მოუწევს ამ ამბის გაშუქება, რომ თავისი როლი დაგვანახოს პოზიტიურად, თორემ თავად ფაქტი არასასურველია", - განაცხადა პოლიტოლოგმა.

ანალიტიკოსი და საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტ არჩილ გამზარდიას შეფასებაც მსგავსია. მისი თქმით, რაც უნდა პარადოქსული იყოს, აღნიშნულმა ფაქტმა, შესაძლოა, დადებითად იმოქმედოს "ქართული ოცნების" რეიტინგზე.

"საინტერესო ის არის, რომ თავად ოპოზიციურმა პარტიებმა საზოგადოებაში კორუფციის კუთხით ისეთი განწყობა შექმნეს, რომ ახალი შემთხვევები ხელისუფლებამ უფრო კარგად გამოიყენოს. შეიძლება ეს პარადოქსულია, მაგრამ ასეა, რადგან იმას კი არ ამტკიცებენ, რომ კორუფცია არ არის, არამედ აჩვენებენ, რომ ვიღაცებს აკავებენ.

"რაც შეეხება ახალ ფაქტს, ეს მეტ-ნაკლებად შექმნილ იმიჯს სიახლეს ვერ შესძენს. ის ელექტორატი, რომელიც "ქართულ ოცნებას" დღეს ჰყავს, იმ უარყოფით ფონზეც ჰყავს, რომელიც აქვს. ამიტომ, საერთო ჯამში, მსგავსი შემთხვევები უარყოფითად ნაკლებად იმოქმედებს, პირიქით, ეს სასარგებლოდ შეიძლება გამოიყენოს ხელისუფლებამ, რომ ის ებრძვის კორუფციას, არც თავისიანებს ზოგავს და არც - სხვას. ეს ფაქტი შეიძლება ხელისუფლებამ უფრო გამოიყენოს თავის სასარგებლოდ, ვიდრე ოპოზიციამ", - განაცხადა გამზარდიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×