რეზონანსი
28.08.2017

 (რეზონანსი) ბორჯომის ხეობაში, მდინარე გუჯარულაში გუშინ დილით ჩავარდნილ და დღეს ამოტანილ ვერტმფრენს სატვირთო ავტომობილზე სპეციალური ბაგირით დაამაგრებენ და საღამოს 10 საათისთვის ხაშურამდე გადაიტანენ.

ამის შემდეგ კი ვერტმფრენს ავტომაგისტრალზე სპეციალურ მანქანაზე მოათავსებენ და თბილისამდე მისი ტრანსპორტირება ამგვარად მოხდება.

ვერტმფრენის მდინარის ხეობიდან ამოყვანის სამუშაოები დღეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი თავდაპირველად იმ აუზიდან ამოიტანეს, სადაც მან გუშინ ავარიული დაშვება მოახდინა. დღეს ვერტმფრენი ექსპერტ კრიმინალისტებმა, ასევე შს მინისტრმა და ინჟინრებმა დაათვალიერეს, რის შემდეგაც ის ტრანსპორტირებისთვის მოამზადეს.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზებს თბილისში ექსპერტიზა დაადგენს. შს მინისტრის ცნობით, ვერტმფრენი გაუმართავი არ ყოფილა და ის პირველივე დღიდან მუშაობდა სტიქიის ზონაში.

27 აგვისტოს დილით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს ქართული ვერტმფრენი რეზერვუარის წყლით ავსების დროს ჩამოვარდა.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილ ვერტმფრენს - „მი-8" - ს სარეგლამენტო შემოწმება 25 აგვისტოს ჩაუტარდა. ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენმა 600-მდე გაფრენა მოახერხა და ცეცხლის კერებს 1300-მდე ტონა წყალი დაასხა.

ფაქტზე გამოძიება შსს-მ სსკ-ს 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×