ბორჯომის საკურორტო ზონაში დამსვენებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება
გვანცა ღვედაშვილი
29.08.2017

 ბორჯომში გაჩენილმა ხანძარმა არა მხოლოდ გარემოსა და ატმოსფეროს მიაყენა ზიანი, არამედ ადგილობრივი მოსახლეობაც ფინანსურად დააზარალა, რაზეც ეკოლოგი ნინო ჩხობაძე "რეზონანსთან" საუბრობს.

ბორჯომი, რომელიც საკურორტო ზონაა და დამსვენებელთა რაოდენობას არასდროს უჩიოდა, ამ ხანძრების გამო, შესაძლოა, დამსვენებელთა გარეშე არა მხოლოდ წელს, არამედ მომავალ წელსაც დარჩეს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ხელისუფლება მზად არ იყო მსგავსი ტიპის ხანძრებისთვის, რადგან, ეკოლოგის თქმით, სრულიად შესაძლებელი იყო, შესაბამისი პრევენციული ზომების მიღების შემთხვევაში ხანძრის თავდაპირველი მცირე კერა მალევე ჩამქრალიყო და მოვლენები ასე არ განვითარებულიყო.

როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია ლორდანიშვილი "რეზონანსთან საუბრისას აცხადებს, ბორჯომ-ხარაგაულის ტერიტორიაზე ხანძარი თითქმის ზუსტად დაემთხვა 2008 წლის ნახანძრალ ტერიტორიას, თუმცა კონკრეტულად რა ფართობი მოიცვა ხანძარმა და რა ხარისხის დაზიანება მიადგა ამით ტყეს, ეს ინფორმაცია ცნობილი მას შემდგე გახდება, რაც სპეციალისტებს ადგილზე შესვლის და შესწავლის საშუალება მიეცემათ.

"როგორც კი მაშველები გამოვლენ, ჩვენი ჯგუფი ადგილზე გაემგზავრება და ზუსტად შეისწავლის ტერიტორიის თითოეულ მონაკვეთს დაზიანების ხარისხის მიხედვით, რათა სრული ინფორმაცია გვქონდეს როგორც ფართობის შესახებ, ისე ცალკეული მონაკვეთების მდგომარეობაზე - ნიადაგიდან დაწყებული, მცენარეული საფარით დამთავრებული.

"ხანძარი თითქმის დაემთხვა 2008 წლის ნახანძრალ ტერიტორიას. სამ ძირითად კერაზე მუშაობდნენ: წაღვერისკენ ე.წ. არჯევანის ტყის თავზე, დაბა და სოფელ ყვიდისისკენ პირველ-მეორე დღეს. სამივე კერა ჩამქრალი და ლიკვიდირებულია. გუშინ რაც იყო, იგივე კერის მონაკვეთზე პატარა ბალახზე ხანძარი, ისიც ლიკვიდირებულია."

"რეზონანსის" კითხვაზე, როდის დაიწყება ნიადაგის შესწავლა, ზიანის დადგენა, აღდგენითი სამუშაოები და არსებობს თუ არა გეგმა ამასთან დაკავშირებით, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე გვპასუხობს, რომ 2008 წლის ხანძრის შემდგომ ამ შემოდგომაზე სრულდებოდა აღდგენითი სამუშაოები, ახლა კი სპეციალისტები თავიდან შეისწავლიან ტერიტორიას, რის მიხედვითაც არსებული სამოქმედო გეგმა შეიცვლება და დაიწყება სამუშაოები.

"არსებობს ნიადაგის აღდგენი პროექტი. ამ შემოდგომაზე უკვე პირველ 250 ჰექტარ მონაკვეთს ვასრულებდით, რომელიც 2008 წელს დაიწვა და ბუნებრივად, ადამიანის ჩარევის გარეშე ვერ აღდგებოდა ტყე.

"ამ ტერიტორიებისთვის არსებობს ტყის აღდგენის პროექტი. როგორც კი სპეციალისტები შევლენ ადგილზე და შეისწავლიან მდგომარეობას, ეს პროექტი დაკორექტირდება და ამის მიხედვით გავაგრძელებთ სამუშაოებს.

"ტყის აღდგენა ძალიან რთული, სპეციფიკური, ხანგრძლივი პროცესია და დაგეგვმიდან განხორციელებამდე აუცილებლად სჭირდება სპეციალისტების ზედამხედველობა", - განაცხადა ნათია ლორდანიშვილმა.

იმ ზიანის შეფასება, რომელიც ხანძარმა გამოიწვია, "რეზონანსმა" ეკოლოგ ნინო ჩხობაძეს სთხოვა, რომლის თქმითაც, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, სად რა ხარისხის დაზიანება მიადგა ნიადაგს; ამასთან, უნდა მოხდეს ატმოსფერული ჰაერის შესწავლა და ამის შემდგომ დაიწყოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

"გააჩნია, რომელ ადგილას როგორი ხარისხითაა დამწვარი, რასაც ექსპერტების ადგილზე მისვლის შემდგომ გავიგებთ. გარკვეულ ადგილებში ალბათ, შესაძლოა, წელსვე დაიწყოს აღდგენითი სამუშაოები, მაგრამ ძირითადად ალბათ გაისად დაიწყება.

"გააჩნია, კონკრეტულად სად რა სიტუაციაა, რადგან ყველგან ერთნაირი ხანძარი არ ყოფილა. სადაც აღარ არის კოლტი, ანუ ბალახოვანი საფარი, იქ ალბათ დაელოდებიან აღდგენას, ეს პირველსავე წლის შემდგომ გამოჩნდება. მეორე, არსებობს ადგილები, სადაც ზედაპირული ხანძარი იყო და თავისით აღდგება ნიადაგი. მაინც ვიმედოვნებ, რომ ძირითადად ეკოსისტემები დაზიანებული არ არის და აღდგენის უნარი აქვთ.

"გარკვეული ზიანი, რა თქმა უნდა, ატმოსფერულ გარემოსაც მიადგა, თუმცა ესეც შესწავლას საჭიროებს, შესამოწმებელია, ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ, რა თქმა უნდა, გარკვეულ გავლენას ხანძარი იქონიებდა", - განაცხადა ჩხობაძემ.

ჩვენს კითხვაზე, რა გავლენა ექნება ბორჯომ-ხარაგაულში გაჩენილ ხანძარს სხვა ბუნებრივ სტიქიებზე და რამდენად მოსალოდნელია, წვიმის სეზონის დროს უფრო მეტად გაძლიერდეს ღვარცოფული და მეწყრული ნაკადები, ეკოლოგი გვპასუხობს, რომ სრულიად ბუნებრივია მოვლენების მსგავსი განვითარება. ამასთან, ღვარცოფსაშიშ ადგილებზე პირველსავე წელს სამუშაოების დაწყება რეკომენდებული არ არის. ეკოლოგი აღნიშნავს, რომ ხელისუფლება მზად არ არის ხანძრისთვის და მიუხედავად იმისა, რომ მეტ-ნაკლებად კოორდინირებულად მუშაობდნენ, პრევენციული ზომების მიღების შემთხვევაში შესაძლებელი იყო, ხანძარი თავიდანვე ჩამქრალიყო და არ განვითარებულიყო.

"რა თქმა უნდა, გარკვეულ გავლენას მოახდენს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ექსპერტულ შეფასებას დიდი მნიშვნელობა აქვს. სადაც ძალიან არის დაზიანებული ნიადაგი და ღრმა ხანძარი იყო, იქ შესაძლოა, ღვარცოფები განვითარდეს, ამიტომ პირველ წელს არ არის რეკომენდებული სამუშაოების დაწყება.

"ძირითადად რაც გაკეთდა, მეტ-ნაკლებად კოორდინირებული იყო, თუმცა დასაწყისში ჩანდა, რომ არ ვიყავით მზად ხანძრისთვის, რადგან თავიდან მცირე ხანძარი იყო და მისი აღკვეთა უფრო მარტივი იქნებოდა, შესაბამისი აღჭურვილობა რომ ყოფილიყო, წესრიგში ყოფილიყო სახანძრო ბილიკები, მინერალიზებული ყოფილიყო ზონები, საგუშაოები და ა.შ. ამისთვის კი შესაბამისი დაფინანსება უნდა ჰქონოდა დეპარტამენტს, ჰყოლოდა მეტი მცველი. მარტო იარაღები, რითაც ხანძარს აქრობენ, ათზე მეტი სახეობისაა და ცხადია, ეს არ იყო. ამიტომ ძნელია, ვთქვათ, რომ ჩვენ მზად ვიყავით ხანძრისთვის", - აცხადებს ეკოლოგი და აღნიშნავს, რომ, გლობალური კლიმატური ცვლილებებიდან გამომდინარე, ხანძრების საშიშროება ისევ არის.

"სამწუხაროდ, ხანძრებს კიდევ უნდა ველოდოთ. გლობალური კლიმატური ცვლილებებისთვის ხანძრები დამახასიათებელია. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ყველა ღონისძიება განსახორციელებელია ყველა სატყეო უბანზე", - აღნიშნავს ჩხობაძე.

მისივე თქმით, ხანძარმა საკურორტო ზონაზეც მოახდინა გავლენა, რადგან ბევრმა დამსვენებელმა დატოვა ტერიტორია. ის ადამიანებიც, რომლებიც სექტემბერში გეგმავდნენ ბორჯომში დასვენებას, ახლა უკვე თავს შეიკავებენ.

შიშის ფაქტორიდან გამომდინარე, სრულიად მოსალოდნელია, რომ დამსვენებელთა ნაწილმა ბორჯომში წასვლაზე უარი თქვას. ამიტომ ყველა ზარალის დათვლა, მათ შორის ეკონომიური ზიანისაც, რომელიც ამ ხანძრის გამო შეიძლება მოსახლეობას მიადგეს, დასათვლელი და გასათვალისწინებელია.

"ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძარი არ იყო, ეს იყო სატყეო უბნები, თუმცა საკურორტო ზონის თვალსაზრისით მოსახლეობისთვის ზიანი უკვე დადგა. ძალიან ბევრმა დამსვენებელმა თავისი ოჯახი წამოიყვანა, რადგან იმ ბოლში და კვამლში გაჩერება შეუძლებელი იყო.

"ასე რომ, პირველი ზიანი უკვე მიიღო ადგილობრივმა მოსახლეობამ, თუმცა, საბოლოო ჯამში, რა ზიანი იქნება, ეს უკვე სხვა საკითხია. ამასთან, ვისაც გათვლილი ჰქონდა, რომ სექტემბერში ბორჯომში უნდა დაესვენა, მიმდინარე მოვლენების გამო შესაძლოა, უარი თქვას და ეს ზიანი უკვე რეალური იქნება.

"ასევე, სრულიად შესაძლებელია გარკვეული შიშის ფაქტორი დაინერგოს და მომავალ წელსაც ნაკლები იყოს დამსვენებელთა რაოდენობა, გააჩნია, როგორი იქნება მომზადება მსგავსი ხანძრების საწინააღმდეგოდ", - აცხადებს ეკოლოგი ნინო ჩხობაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×