(რეზონანსი) ბორჯომის ხეობაში ხანძრის მასშტაბები და შექმნილი უაღრესად კრიტიკული ვითარება ოპერატიულ და ეფექტურ ქმედებებს, ასევე, შესაბამისი ტექნიკის მოძიებას მოითხოვდა. აქედან გამომდინარე, ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებებში დახმარებისთვის სხვა სახელმწიფოებისათვის მიემართა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
„მიმართვა როგორც გაერო-ს, ევროკავშირის, ნატოს, ასევე სხვა პარტნიორი ქვეყნებისადმი მოხდა. ასევე, მოხდა მოძიება ყველა საჭირო ტექნიკის, რომლის გამოყენებაც არსებულ მოცემულობაში ეფექტურ რეაგირებას შესაძლებელს გახდიდა. მათ შორის იყო ტექნიკა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ფლობს. შესაბამისად, სატელეფონო საუბარი, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის, შედგა, რომლის დროსაც რუსეთის მხრიდან მზაობა დახმარების გამოიხატა ისეთი ტექნიკით, რომელიც, გართულების შემთხვევაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების ეფექტურ წარმოებას შესაძლებელს გახდიდა.
„ამის შემდგომ, შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით, რუსეთის მხარეს შესაბამისი ნოტა გაეგზავნა, რაც შესაბამისი ფორმალობის და პროცედურის ნაწილია. თუმცა, მოგვიანებით რუსეთის ფედერაციის მხრიდან დახმარების აუცილებლობა დღის წესრიგში აღარ დადგა. საგანგებო ვითარების დროს, სამაშველო სამსახურების ურთიერთობა მიღებული პრაქტიკაა. იგივე განცხადება გაკეთდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის მიერ და შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის მიერ", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.