(რეზონანსი) თუ საქართველოს ხელისუფლებას რეზერვში რუსეთისგან დახმარების მიღების საშუალება ექნებოდა, მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ ხელისუფლებამ მოსახლეობას მკაფიოდ უნდა განუცხადოს, რომ სხვა სახელმწიფოებთან კონტაქტი არსებობს, მაგრამ დახმარებას უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში მივიღებთ, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის" თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
უსუფაშვილის განცხადებით, არსებობს ვითარებებები, როდესაც ნებისმიერი შესაძლებლობა გამოყენებული უნდა იქნას, მძიმე გართულებების თავიდან ასაცილებლად, თუმცა მისივე თქმით, ხელისუფლებამ მოსახლეობა საქმის კურსში უნდა ამყოფოს.
„ღმერთმა დაგვიფარა და მსხვერპლი არ არის. აბა წარმოვიდგინოთ, თუ ამ ხანძარს მეტი გართულების პოტენციალი ექნებოდა, მაშინ ალბათ კითხვა იქნებოდა, რატომ არ გამოვიყენეთ ყველა შესაძლო საშუალება, რომ შესაძლო მსხვერპლი თავიდან აგვეცილებინა.
„თავისთავად ის, რომ პოტენციაში, ზოგადად, თუ საქმეს დასჭირდებოდა საქართველოს ხელისუფლებას რეზერვში ამ ტიპის დახმარების მიღების საშუალებაც ჰქონოდა, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. მაგრამ ხელისუფლება იმიტომ გვინდა, რომ მან ძალიან მკაფიოდ გვითხრას, დიახ, ეს საშუალება დარეზერვებული გვაქვს, დიახ, კონტაქტი არის, თუ უკიდურესი აუცილებლობა გაჩნდება შეიძლება ამასაც მივმართოთ", - განაცხადა უსუფაშვილმა.