საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ბორჯომში გაჩენილი ხანძრის დროს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის სატელეფონი საუბარი შედგა.
როგორც სამინისტროში განაცხადეს, მოხდა მოძიება ყველა საჭირო ტექნიკისა, რომლის გამოყენებაც არსებულ მოცემულობაში შესაძლებელს გახდიდა ეფექტურ რეაგირებას და მათ შორის იყო ტექნიკა, რომელსაც ფლობს რუსეთის ფედერაცია.
ამასთან დაკავშირებით, "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლების წარმომადგენლებს პარლამენტში იბარებს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, მინისტრთა კაბინეტის წევრები იტყუებოდნენ, როდესაც ამბობდნენ, რომ არანაირი პირდაპირი მოთხოვნა რუსეთისთვის არ გაგზავნილა.
რომელი უფრო არასწორი საქციელი იყო - რუსეთზე დახმარებისთვის მიმართვა თუ ამ ინფორმაციის დამალვა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადეობის წარმომადგენლებს მიმართა.
ანა რატიანი (ჟურნალისტი): ყველა ქვეყანამ თხოვნის გარეშეც უნდა გამოიჩინოს კეთილი ნება და მეზობელ ქვეყანას დახმარება შესთავაზოს. სანამ ამ დოკუმენტს ჩემი თვალით არ ვნახავ, დასკვნების გაკეთება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია.
ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-უბრანისტი): ვფიქრობ, ინფორმაციის დამალვა გაცილებით უფრო დიდი შეცდომაა. ჩვენი ხელისუფლება უნდა მიეჩვიოს, რომ საზოგადოებასთან დიალოგის რეჟიმში იყოს. სხვა საკითხია, ამას საზოგადოებაში რა რეაქცია მოჰყვებოდა. დამალვა ხომ იცით, საიდან მოდის, თუ გნებავთ, ენგურჰესის ხელშეკრულება, გაზპრომთან ხელშეკრულება. არ შეიძლება, ხელისუფლება საზოგადოებისგან მოწყვეტილი იყოს.

ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): რა თქმა უნდა, ორივე ძალიან ცუდია. რადგან ჩვენმა საზოგადოებამ არაერთხელ დააფიქსირა ის პოზიცია, რომ არ უნდა მივმართავდეთ დახმარებისთვის იმას, ვინც უშუალოდ, ცოტა მძაფრად ვიტყვი, დაუძინებელი მტერია. ჩვენი ქვეყნისთვის რუსეთი ფაშისტური გერმანიისგან რით განსხვავდება? მგონი, დიდი განსხვავება არ არის.
რეზო მიშველაძე (მწერალი): რუსეთს ჯერ დასახმარებლად მივმართეთ და მერე ამ გაუცნობიერებელი ოპოზიციის ზეწოლის შედეგად, ჩვენს კურდღელ ხელისუფლებას შეეშინდა და უარი უთხრა, შენი დახმარება არ დაგვჭირდაო. რა არის ეს, რა ბავშვური თამაშია. უფრო დიდი სირცხვილი, რაც ხელისუფლებას დაემართა, ის იყო, რომ ეს თავის დროზე არ გამოაცხადა. მაგრამ ქვეყანა არც ამით დაქცეულა. კვირიკაშვილმა ხომ თქვა, ჩვენ დახმარებისთვის მეზობელ ქვეყნებს მივმართეთო, ამ მეზობელ ქვეყნებში იმთავითვე რუსეთიც იგულისხმებოდა. ეს თვალთმაქცი ოპოზიცია შარზეა. მამაჩემს აქვს ცხონება, ჩემზე უკეთესად არავინ არ იცის, რუსეთი ტრადიციული მტერი, ოკუპანტი რომაა და ჩვენი მიწები მიტაცებული რომ აქვს და ახლაც იტაცებს, მაგრამ სულელური გაბუტვა ჩვენ არაფერს არ მოგვიტანს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე