(რეზონანსი) აბასთუმნის ტყეში ხანძრის ჩაქრობის პროცესში უკრაინული სამაშველო თვითმფრინავი ერთვება. ამის თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და უკრაინის პრეზიდენტმა გუშინ ღამით ისაუბრეს.
უკრაინული თვითმფრინავი საქართველოში უახლოეს საათებში შემოვა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ამავდროულად, თურქეთის რესპუბლიკამ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობისთვის ორი ვერტმფრენი და ერთი სამაშველო თვითმფრინავი გამოყო, რომელიც დღის მეორე ნახევარში გამოფრინდება.
დახმარების მიღების თაობაზე დამატებითი კონსულტაციები ირანთან და აზერბაიჯანთან მიმდინარეობს. დახმარების სურვილი საფრანგეთმა გამოხატა, რომელთანაც ქართული მხარე ასევე კონსულტაციებს აწარმოებს.
აბასთუმანში შსს-სა და სხვა უწყებების შესაბამისი სამსახურები მობილიზებულია. საგანგებო შტაბი 24 საათიან მუშაობას განაგრძობს.
ბორჯომის ხეობიდან აბასთუმანში საგანგებო შტაბმაც გადაინაცვლა. არაოფიციალური ინფორმაციით ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში დამწვარია 5 ჰექტარი ფართობი, იწვის წიწვოვანი ხეები.
აბასთუმანში ხანძარი გუშინ ალპურ ზონაში გაჩნდა.