(რეზონანსი) ტყის ხანძართან საბრძოლველად უკრაინიდან საქართველოში გამოგზავნილი სპეციალური თვითმფრინავი უკვე ბათუმშია. უკრაინული An-32P აბასთუმანში, ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება. აღნიშნული „პირველი არხი" იუწყება.
An-32P უკრაინული ხანძარსაწინააღმდეგო მფრინავი საშუალება. შექმნილია „ან-32"-ის ბაზაზე. გარე 4 რეზერვუარით აღჭურვილია, თითოეულის ტევადობა 2000 ლიტრი წყალია. მას წყლის ერთბაშად და ინტერვალებით გაფრქვევის შესაძლებლობა აქვს. გამოიყენება ტყის ხანძრების დროს. 30-მდე აღჭურვილი მეხანძრის გადაყვანა შეუძლია. ასევე, სპეციალური ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის და ტექნიკის გადატანა.
ეკიპაჟი: 3-4 ადამიანი, მგზავრების რაოდენობა: 30 აღჭურვილი მეხანძრე ტვირთამწეობა: 6700 კგ.
თვითმფრინავს, მანევრირების მაღალი შესაძლებლობის გამო, შეუძლია, დაბალ სიმაღლეზეც კი, პირდაპირ ხანძრის კერას წყალი დაასხას. 230 კმ/სთ სიჩქარით, მას შეუძლია 50X150 კვ.მ.-ზე ერთბაშად გააფრქვიოს წყალი 30 მ. სიმაღლიდან. უწყვეტად მას 1700 კმ. მანძილზე შეუძლია ფრენა.