(რეზონანსი) ძალიან დიდი ხანია ირაკლი პეტრიაშვილი პროფკავშირებს ხელმძღვანელობს და როგორც ჩანს მისი ინტერესი მოახლოებული არჩევნების წინ ისევ საკუთარი თავის შეთავაზებაა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა.
ბესელია არ გამორიცხავს, რომ ირაკლი პეტრიაშვილის უკან "ნაციონალური მოძრაობა" იდგეს.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, ატეხილი აჟიოტაჟით დაინტერესდა და მიიჩნევს, რომ ხელოვნური ჩარევის გარეშე რკინიგზის თანამშრომელს სამსახურში დაბრუნება შეუძლია და რკინიგზის ადმინისტრაცია ამ საკითხს პოლიტიკური ჩარევების გარეშე გაცილებით სწრაფად მოაგვარებს.
"რკინიგზის დეპარტამენტში განვითარებული მოვლენებით დავინტერესდი. დარწმუნებით შემიძლია იმის თქმა, რომ რკინიგზის ადმინისტრაცია თანამშრომლებს სურვილის შემთხვევაში სამსახურში დაბრუნებას სთავაზობს. მოლაპარაკება ყოველგვარი ჩარევისა და პოლიტიკური ინსინუაციების გარეშე შესაძლებელია, რასაც ადგილი აქვს პროფკავშირების თავმჯდომარის მხრიდან.
„თუ არ ექნება ადგილი ხელოვნურ ჩარევას და მიზანმიმართულ კამპანიას, რომელიც როგორც ჩანს პროფკავშირებში მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება, ეს საკითხი ძალიან სწრაფად გადაწყდება. იმ თანაშრომლებს, რომლებიც შიმშილობენ რკინიგზის ადმინისტრაციისგან შეთავაზება სამჯერ ჰქონდათ და პროფკავშირების ხელმძღვანელის მხრიდან ხელოვნური ჩარევა ხდება, ეს ძალიან ბევრ ეჭვს აჩენს ", - განაცხადა ბესელიამ.