რეზონანსი
30.08.2017

 (რეზონანსი) საგანგებო შტაბის ინფორმაციით აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ქართულ დანაყოფებთან ერთად, უკრაინის, აზერბაიჯანის, თურქეთის და ირანის ავიაცია ჩაერთვება.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ, საქართველოში უკრაინული სამაშველო თვითმფრინავი გამოფრინდა, რომელიც ხანძრის ჩაქრობის პროცესში უახლოეს საათებში ჩაერთვება.

დახმარების მზადყოფნა გამოთქვა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენთან ერთად აბასთუმანში ცეცხლის ლოკალიზებაზე იმუშავებს აზერბაიჯანის ვერტმფრენიც, რომელიც უკვე გამოფრინდა საქართველოსკენ.

რამდენიმე საათში, თურქეთიდან საქართველოში ორი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი ჩამოფრინდება.

ორი სახანძრო-სამაშველო ვერტმფრენით საქართველოს ირანის ისლამური რესპუბლიკაც დაეხმარება.

ამ დროისთვის, აბასთუმანში შსს-სა და სხვა უწყებების შესაბამისი სამსახურებია მობილიზებული. ადგილზე 1000-მდე ადამიანი, ცოცხალი ძალა მუშაობს.

მთელი ღამე შეუჩერებელი მუშაობის შედეგად, ხანძრის გავრცელების მასშტაბები არ გაზრდილა. გაჭრილია, დაახლოებით, 5 კილომეტრამდე გზა, რათა სპეცტექნიკამ ხანძრის კერებამდე მისვლა მოახერხოს.

გუშინვე მოეწყო ხელოვნური წყალსაცავები ავიაციის მიერ წყლის ასაღებად.

საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×