სებ-მა იმდენი დოლარი გამოაცალა ბაზარს, რომ ახლა დოლარის დეფიციტი შეიქმნა
მარი ჩიტაია
31.08.2017

 შედარებით ხანგრძლივი სტაბილურობის შემდეგ ლარის კურსმა გეზი გაუფასურებსკენ აიღო. ეს ხდება მაშინ, როცა ეროვნული ვალუტის დევალვაციის მაპროვოცირებელი ფაქტორები ქვეყანაში თითქმის აღარ არსებობს - ტურისტული სეზონი პიკზეა და უცხოეთიდან ფულადი შემოდინებების მხრივ საქმე გაცილებით უკეთესადაა. განსაკუთრებით აღსანიშნავია საგარეო ფაქტორიც, რომელიც, წესით, ლარის სასიკეთოდაა - დოლარი მსოფლიოს სხვა წამყვან ვალუტებთან მიმართებით თვალსა და ხელს შუა სუსტდება და ახლა 2,5-წლიან მინიმუმზეა.

ბოლო 5-6 დღეა, ქართული ვალუტა მუდმივად უფასურდება და "ბლუმბერგის" ბოლო ვაჭრობის შედეგად 2,43-იან ნიშნულსაც გადააბიჯა. ქართველი ანალიტიკოსები კურსთან დაკავშირებით არაერთგვაროვან მოსაზრებებს გვთავაზობენ. თითქმის ყველა მიანიშნებს ეროვნული ბანკის ნაბიჯებზე. ბოლო პერიოდში სებ-მა იმდენი დოლარი ამოიღო ბრუნვიდან და გამოაცალა ბაზარს, რომ ახლა დოლარის დეფიციტი შეიქმნა.

სინამდვილეში, არც საშინაო, არც საგარეო ფაქტორი არ იძლევა საშუალებას, რომ ლარი გაუფასურდეს, გარდა ერთისა - მიმოქცევაში ლარის მოცულობა არანორმალურად გაიზარდა და 15 ივლისის შემდეგ 3 მლრდ-ს გადასცდა და დღესაც ამ ფარგლებში ტრიალებს. შესაბამისად, კურსი უკვე უფასურდება.

ექსპერტების მეორე ნაწილი ლარის დევალვაციის მიზეზად საგარეო ვალის სიმძიმეს მიიჩნევს. კერძოდ, როგორც საბანკო სფეროს ექსპერტი დავით წიქარიძე განმარტავს, სავალუტო რეზერვები მიმართულია ვალის მომსახურებისკენ, რაც კურსზე უარყოფითად მოქმედებს.

"წლის ბოლომდე საკმაოდ დიდი მოცულობის საგარეო ვალი აქვს ქვეყანას გასასტუმრებელი. მიღებული პრაქტიკაა, რომ სავალუტო რეზერვებს ხსნიან და ვალის მომსახურებისთვის იყენებენ. სავარაუდოდ, ამ ფაქტის წინაშე ვართ. გვეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ, როგორც ჩანს, საქმე არც ისე კარგადაა. დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი, სებ-ისგან ფულადი რესურსის შესყიდვა და ლარის მასის ზრდაც დიდწილად ამ პროცესს უკავშირდება", - განმარტავს წიქარიძე.

საპირისპირო მოსაზრებისაა ანალიტიკოსი გიორგი პაპავა, რომლის ვარაუდითაც, ლარის გაუფასურებაზე ძირითად გავლენას ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები ახდენს. პაპავა საგარეო ვალის ფაქტორს ამ შემთხვევაში გამორიცხავს.

"საგარეო ვალი არ არის მნიშვნელოვანი მიზეზი. საკმაოდ დიდი ხანი ჩვენ გვქონდა 2,4-ის ფარგლებში გაჩერებული კურსი, უმნიშვნელო რყევებს თუ არ ჩავთვლით. ამ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა რამდენჯერმე განახორციელა დოლარის შესყიდვა. აქტიურად ეს პროცესი დაიწყო ივნისში და აგვისტოშიც გაგრძელდა. მთელი 2 თვის განმავლობაში ლარი ცდილობდა გამყარებას და სებ-ი ამის საშუალებას არ აძლევდა, მიმოქევიდან დოლარს იღებდა. ყოველ შემთხვევაში, ამ ნაბიჯების შემდეგ ლარის გამყარება აღარ ხდებოდა.

ბოლო დროს ამ პროცესს ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა, გარკვეულწილად, შეუწყო ხელი - ტურისტების რაოდენობა მატულობს, ექსპორტშიც უკეთესი ვითარებაა, თუმცა ხანგრძლივად ამ ტენდენციის შენარჩუნება წარმოუდგენელია. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენ გვქონდა პროგნოზირებულზე უკეთესი მაჩვენებლები და ეს მყისიერად აისახა ლარზეც. თუმცა, ჯერ მთლად ისე არ გამოჯანსაღებულა ეკონომიკა, რისი მოლოდინიც პირველი 6 თვის განმავლობაში გვქონდა. მაგალითად, ივლისში მშპ-ის მაჩვენებელი იყო 3,8%.

მიუხედავად ამისა, ყველა ვხედავთ, რომ მნიშვნელოვნად კურსი არ გამყარებულა. თუ ეკონომიკა ვერ შეძლებს, რომ პროგნოზირებულზე მეტი მაჩვენებლები აჩვენოს, ლარის გაუფასურების კუთხით ზეწოლა იქნება და ეს კარგად გამოჩნდა ბოლო 2 დღის განმავლობაში", - აცახდებს პაპავა და დასძენს, რომ კურსზე საგრძნობლად იმოქმედა ასევე მიმდინარე ინფრასტრუქტურულმა და სოციალურმა პროექტებმაც.

"ყოველთვის არჩევნების წინ მოუნდებათ ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განხორციელება - გზების დაგება, თანხის გაცემა და სხვა, რაც კურსზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. შიდა ფაქტორი, ხარჯვის სტრუქტურა შეცვალონ და გააგრძელონ ისე, როგორც წლის დასაწყისში იყო გაწერილი. ვიმედოვნებ, დადებითი მაჩვენებლები, რაც ეკონომიკაშია, მაქსიმალურად შენარჩუნდება, რაც საბოლოოდ საგარეო ფაქტორებზეც არის დამოკიდებული.

მთავარია ისიც, რა მოლოდინია ეკონომიკაში. მნიშვნელოვანია, რომ ლარის გაუფასურების ტენდენცია არ გაგრძელდეს, ჯანსაღი ეკონომიკის პირობებში ასე არ ხდება. უნდა ვივარაუდოთ, რომ კურსი მნიშვნელოვნად არ შეიცვლება, თუმცა მცირე რყევას ხშირად უნდა ველოდოთ", - განმარტავს გიორგი პაპავა.

ეკონომიკური ფაქტორების გავლენაზე ამახვილებს ყურადღებას ფინანსისტი მიხეილ თოქმაზიშვილი. მისი თქმით, საგარეო ფაქტორი ჯერჯერობით ისეთი მწვავე არ არის, რომ მან კურსზე ზეგავლენა მოახდინოს.

"უნდა ვიგულისხმოთ, რომ საქმე გვაქვს სხვა ფუნდამენტურ ფაქტორებთან, როგორებიცაა საქართველოს სავაჭრო ბალანსი, რაც ყველაზე მტკივნეულად მოქმედებს. ესეც არ არის საგანგაშო, შეიძლება, ლარი ისევ დასტაბილურდეს. დროებით ცვლილებებს გამყარებისა და დევალვაციის მიმართულებით სხვადასხვა პერიოდში ყოველთვის ექნება ადგილი. პროგნოზის გაკეთება აქ შეუძლებელია, ეკონომიკა ძალიან სენსიტიურია, მტკივნეულად განიცდის ნებისმიერ ცვლილებას. ერთი ძლიერი ინვესტორიც რომ შემოვიდეს საქართველოში, უკვე მთლიანად ცვლის ეკონომიკურ გარემოს; ან რომელიმე პროდუქტის ექსპორტის შემცირება - ესეც უარყოფითად აისახება კურსზე.

ჩვენ, ძირითადად, ვარაუდებს ვეყრდნობით, რა შეიძლება მომხდარიყო. ერთია საგარეო ფაქტორი, რომლის მოქმედება ნეიტრალურია, მეორეა შიდა ფაქტორი, რაც ნიშნავს, რომ საკუთარ ეკონომიკას თუ მცირედით არ გავაძლიერებთ, სავალუტო რყევებს სისტემატურად უნდა ველოდოთ", - აცხადებს მიხეილ თოქმაზიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×