თურქეთის ხელისუფლებისთვის მიუღებელი სკოლები საქართველოში იხურება - თებერვალში იყო შაჰინის სკოლა-ლიცეუმი, ახლა დემირელის კოლეჯი. ორივე მათგანი საქართველოში წარმატებულ სკოლებად იყო მიჩნეული, თუმცა რატომღაც ავტორიზაცია ორივეს გააუქმდა, განათლების სამინისტროს მტკიცებით - "სერიოზული დარღვევების" გამო. თუმცა ეს მიზეზი არ სჯერა საზოგადოების დიდ ნაწილს, რადგანაც ერდოღანის ხელისუფლების მხრიდან ეს ორივე სკოლა მიუღებლად იყო გამოცხადებული და მიიჩნევა, რომ "ოცნების" ხელისუფლებამ სწორედ მეზობელი ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე გადაწყვიტა ამ სკოლებისთვის განაჩენი გამოეტანა.
რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, ხელისუფლების ეს ნაბიჯი მათი უსუსურობის ნიშანია და ქვეყნის იმიჯს შეურაცხყოფს, თან რაც მთავარია ხელისუფლებას ეშინია სიმართლე თქვას - რომ საქართველოს ხელისუფლება მეზობლების დავალებებს ასრულებს.
"სადმე დაიმალება, რომ ეს თურქეთის დავალებით გაკეთდა და პოლიტიკურ ნაბიჯია?! სკოლას 5 წლის წინ აქვს გავლილი ავტორიზაცია, უბრალოდ მოვიდა დრო და ხელახლა ითხოვეს. ნათელი იყო, რომ უარს ეტყოდნენ, მაგრამ ხომ შეიძლება პირდაპირ თქვან, თურქეთმა გვთხოვა და ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც თურქეთის თხოვნას ვასრულებთ.
რ გვინდა ზღაპრები, რომ ავტორიზაცია ვერ გაიარა, იმიტომ რომ მოსწავლეების ნაწილი უცხო ენაზე სწავლობს. საქართველოში დასახური სკოლები არის ბევრი. პრინციპში კანონს არც ერთი სასწავლო დაწესებულება არ აკმაყოფილებს. საქართველოს ხელისუფლება იქცევა სამარცხვინოდ და თავს ჭრის ქვეყანას ინსტიტუციების სახელით, როგორიცაა ამ შემთხვევაში ავტორიზაციის სამსახური. განათლების სამინისტროს ის ნაწილი, რომელსაც საქართველოში დასახური აქვს თითქმის ყველა სკოლა და ხურავს ყველაზე უკეთესებს. ის სამსახური, რომელსაც დასახური ჰქონდა უმაღლესი სასწავლებლები, სადაც ოთახიც არ აქვთ და ხურავდა უმაღლესი დონის აგრარულ უნივერსიტეტს, იმიტომ რომ ბენდუქიძეზე ეძიათ შური. ეს სამარცხვინო სამსახურია და ყველამ უნდა იცოდეს, ვინ მიიღო ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება და ვისი ხელით ჭრიან საქართველოს თავს," - ამბობს ბერძენიშვილი.
დემირელის სკოლაზე შეტევა მაისიდან დაიწყო, როდესაც კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთის მოთხოვნით დააკავეს და ის უკვე მეოთხე თვეა წინასაექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება. ახლა კი სკოლას შეუჩერდა ავტორიზაცია.
მანამდე, თებერვალში ბათუმში ავტორიზაცია შეუჩერდა დემირელის პარტნიორ სკოლა-ლიცეუმს, რომელსაც საზოგადოება შაჰინის სკოლის სახელით იცნობს. ამ ფაქტს წინ უძღოდა ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ სკოლა აშშ-ი მცხოვრებ თურქეთის ოპოზიციის ერთ-ერთ გავლენიან ლიდერს ფეტჰულა გიულენის მიმდევრებს ეკუთვნით.
დემირელის სკოლისათვის ავტორიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მიიღო, რომლის დირექტორი განათლების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძეა. სანიკიძე იყო განათლების მინისტრის მოადგილე მაშინაც, როდესაც ნაციონალური მოძრაობის დროინდელი მინისტრის, კახა ბენდუქიძის აგრარულ უნივერსიტეტს შეუჩერდა ავტორიზაცია და მაშინ ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას დიდი პროტესტიც მოჰყვა, როგორც უნივერსიტეტის სტუდენტების, ისე ხელმძღვანელობის მხრიდან. დღეს დემირელის კოლეჯის ხელმძღვანელობა გასაჩივრებას არ აპირებს, როგორც სკოლის დირექტორი ნინო კავთაშვილი აცხადებს, "ისედაც ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს."
მთავარი პრობლემა ისაა, რომ პატიმრობაშია კოლეჯის მენეჯერი და არსებობს დიდი ალბათობა, რომ საქართველომ ის თურქეთს გადასცეს, რის გამოც სკოლას ურჩევნია სიტუაცია არ გაამწვავოს.
ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ჟურნალისტები უნდა დაინტერესდნენ, როგორ აძლევს ავტორიზაციის სამსახური უმაღლეს სკოლებსა და კოლეჯებს ავტორიზაციას, "სადაც მერხი არ არის, დაფა არ არის, ბიბლიოთეკა და წიგნი არ არის."
"საქართველო სავსეა ასეთი ე.წ. სასწავლებლებით. სამაგალითო სასწავლებელი იყო დემირელის სკოლა და დაიხურა იმის გამო, რომ ვიღაცებს არ აქვთ უნარი თურქეთის ხელისუფლებას რამეზე მაინც უარი უთხრას. პრობლემა არ მაქვს, თურქეთმა რაც უნდა ის მოითხოვოს, უბრალოდ საქართველომ უნდა გააკეთოს ისე, როგორც კანონი ამბობს. ავტორიზაცია ამ სკოლისთვის არ უნდა მოეხსნათ, ან ავტორიზაცია მოუხსნან ყველა იმ სკოლას, რომელსაც არ ეკუთვნის," - მიიჩნევს ბერძენიშვილი.
მისი თქმით, 5 წლის წინ ამ სკოლამ გაიარა ავტორიზაცია. ამიტომაც საქართველოს ხელისუფლებამ ამ კითხვას უნდა უპასუხოს: თუ 5 წლის წინ არ აკმაყოფილებდა ეს სკოლა მოთხოვნებს, მაშინ რატომ მიეცა ავტორიზაცია და თუ აკმაყოფილებდა, ამ 5 წლის განმავლობაში რა მოხდა.
"მთელი ფარისევლობა აქ ისაა, რომ ხელისუფლება უბრალოდ ტყუის ამ სკოლასთან. ახლანდელი მინისტრი, კარიკატურული ფიგურა, ბევრს რომ ლაპარაკობს, ეს კაცი ჩვეულებრივი სათამაში კლოუნია მთვარობის ხელში. ეს სკოლა საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა იყო, რომელიც არ მოეწონა თურქეთის ხელისუფლებას და დახურა საქართველომ. ეს არ არის თურქული სკოლები, ეს ქართული სკოლებია. საქართველოს ხელისუფლება თურქეთის დავალებას ასრულებს. რა გარანტია გვაქვს, რომ სხვა კერძო სკოლებში არ წარმოიქმნა იგივე პრობლემა?! ბევრი სკოლაა საქართველოში, რომელსაც უცხოეთი კურირებს. მესმის, ძნელია უარი უთხრა თურქეთს, მაგრამ ხელისუფლებამ ორჯერ დაარღვია საერთაშორისო ნორმა. ერთხელ, როდესაც ემრე ჩაბუქს არ მიანიჭეს სტატუსი და განაცხადეს, თურქეთის ციხეებში გადასარევი პირობებიაო. კაცს სიკვდილი ელოდება და ასეთ ზღაპრებს გვიყვებიან. ეს არის უსუსური ხელისუფლება, რომელსაც თურქეთისნაირი სახელმწიფოსი კი არა, ირმა ინაშვილის შანტაჟის ეშინია. ამიტომ დარწმუნებული არ ვარ, რომ მომავალშიც არ გადადგმას კიდევ ამგვარ ბრიყვულ ნაბიჯს. ეს ნაბიჯი არის არა მარტო არასწორი, არამედ შეურაცხმყოფელი. ეს ქვეყნის იმიჯს შეურაცხყოფს," - აცხადებს ბერძენიშვილი.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი მარიამ გერსამიას თქმით, ახლა ავტორიზაცია-აკრედიტაციის ძველი ექსპერტები დაითხოვეს და მოიყვანეს ახლები, ამიტომაც არსებობს ეჭვი, რომ აპოლიტიკური კონტექსტით გამო მოხდა ჩარევები და მომავალშიც მოხდება.
ამბობს, რომ რადგანაც თურქეთში უნივერსიტეტები დაიხურა, პროფესორები დააპატიმრეს და მედია იზღუდება და ამ ფონზე დემირელის სკოლის დახურვაც ხდება, ეს აჩენს ეჭვს, რომ ამ დახურვაში პოლიტიკური კონტექსტია და ეს საგანგაშოა.
"ძალიან იშვიათად ხდება ავტორიზაციის ჩამორთმევა, ეს უკიდურესი ზომაა და ხელისუფლებამ უნდა გვითხრას, რატომ მიიღო ასეთი ხისტი გადაწყვეტილება?! მით უმეტეს, როდესაც ცუდ სკოლებსაც კი აძლევენ ავტორიზაციას. გარკვეული სტიგმატიზაცია ხდება იმ მოსწავლეების, რომლებმაც ეს სასწავლებელი დაამთავრეს. წარმოდგენაც კი მიჭირს, იმდენად წარმოუდგენელია ჩემთვის, რომ სხვა ქვეყნის ხელისუფლება ერევა ასეთ საკითხებში. სრული კატასტროფაა, როდესაც აღქმაა, რომ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა დაეცვა ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა," - აცხადებს გერსამია.