(რეზონანსი) ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე პატიმრობაში რჩება. სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე არ დააკმაყოფილა და აბესაძე გირაოს სანაცვლოდ არ გაათავისუფლა.
როგორც მოსამართლე ნინო სანდოძემ განმარტა, პირველი წარდგენის სასამართლო პროცესის შემდეგ ის გარემოებები და საფრთხეები რაც იყო, კვლავ რჩება და შესაბამისად, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს.
დაცვის მხარე ოთარ აბესაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის 50 ათას ლარიანი გირაოთი შეცვლას ითხოვდა.
სასამართლოს დღევანდელ პროცესზე აბესაძემ განაცხადა, რომ თავს ნაწილობრივ დამნაშავედ გრძნობს და პასუხისმგებლობასაც ნაწილობრივი იზიარებს.
"ნაწილობრივ ვიზიარებ პასუხისმგებლობას და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, პირველ რიგში კი ჩემს ოჯახს შექმნილი ვითარების გამო,ზოგადად პოლიციის განყოფილებაში ერთხელ ვარ ნამყოფი, ისიც იმიტომ, რომ ადამიანი ხიდიდან ხტებოდა და გადავარჩინე. არ წარმოვადგენ საზოგადოებისთვის საფრთხეს და შეგიძლიათ ნახოთ ჩემი პიროვნება პატივცემულო მოსამართლე. 28 წლის ასაკში, ფაქტობრივად, ცხოვრება თავზე დამენგრა. ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის დიდი ჩირქია. ეს ყველაზე დიდი სასჯელია ახლა ჩემთვის. მზად ვარ გამოძიებასთან ვითანამშრომლო", - განაცხადა აბესაძემ.
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე 12 ივლისს დააკავა.