(რეზონანსი) მამა გიორგი ყველაფრისთვის მზად არის, - ამის შესახებ ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განუცხადა. აღნიშნულს სააგენტო „ინტერპრესნიუსი" იუწყება.
მამალაძეს ჯერჯერობით უჭირს პროგნოზირება, დეკანოზის განაჩენი როგორი იქნება, თუმცა აცხადებს, რომ "თუ ამ ქვეყანაში სამართალი არსებობს, დეკანოზი უნდა გამართლდეს".
"თუ საქართველოში სამართლიანობა არსებობს, აუცილებლად უნდა გამართლდეს. ასეთ სიტუაციაში ჩვენი ოჯახი პირველად აღმოჩნდა და დავინახავთ სამართლიანობა არსებობს თუ არა. რაც შეეხება მამაოს, ის ყველაფრისთვის მზად არის. ღმერთის იმედი გვაქვს და ვფიქრობთ, რომ მამაო გამართლდება", - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.
დეკანოზის ოჯახი მისი განაჩენის გამოცხადების დროს სასამართლო პროცესს დაესწრება.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე ხვალ დასკვნითი სხდომა გაიმართება. 1-ელი სექტემბრის სხდომაზე თავად ბრალდებული, დეკანოზი გიორგი მამალაძეც სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართავს, რის შემდეგაც მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი განაჩენის გამოსატანად გავა.
გიორგი მამალაძე თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორეს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. თებერვალში დაკავებულ დეკანოზს ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარების მოტივით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.