(რეზონანსი) საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლის თარიღს აანონსებს. ინფორმაცია ამის შესახებ მის ფეისბუქ გვერდზე დადებული „NewsOn" - ის გადაცემის ჩანაწერიდან ხდება ცნობილი.
სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებამდე, რომელიც 10 სექტემბრისთვის აქვს დაგეგმილი, ევროპის რამდენიმე ქვეყანას ვიზიტით ეწვევა.
„მე უკრაინაში დასაბრუნებლად ვემზადები. უახლოეს დღეებში რამდენიმე ევროპულ ქვეყანას ვეწვევი. კოპენჰაგენში მივემგზავრები, სადაც" ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდიუმის სხდომაში მივიღებ მონაწილეობას და ევროპელ პოლიტიკოსებს შევხვდები. არ გამოვრიცხავ, რომ ბრიუსელშიც გავფრინდე ევროპარლამენტარებთან შესახვედრად", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული ტელეარხ Newsone-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
უკრაინაში ჩასვლის წინასწარ დაანონსების მიზეზად, სააკაშვილი, 10 სექტემბერს, კრაკოვეცის გამშვებ პუნქტზე მხარდამჭერთა მობილიზებას და ევროპელ პოლიტიკოსთა ჩასვლასაც ასახელებს. მისი თქმით, 10 სექტემბერს ის კანონიერად და ლეგალურად გადაკვეთს უკრაინის საზღვარს კრაკოვეცის გამშვები პუნქტიდან.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლება მის დაბრუნებასთან დაკავშირებით სამ სცენარს ამზადებს.
„უკრაინის ხელისუფლება სამ სცენარს ამზადებს. საზღვარზე ჩემი არ შეშვება, პასპორტის წართმევა და პოლონეთში გაძევება; უკრაინაში ჩემი შეშვება, შემდეგ რაიმე მიზეზით დაკავება და საქართველოში ექსტრადირება, ან კიდევ საზღვარზე რაიმე არეულობის მოწყობა. არის მუქარებიც, თუმცა ჩვენ ამის არ გვეშინია. ბევრი ხალხი მოვა", - დასძინა სააკაშვილმა.