(რეზონანსი) აბასთუმნის ტერიტორიაზე დაკვამლიანება აღარ არის და ხანძარი სრულად ლოკალიზებულია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა აბასთუმანში საგანგებო შტაბთან განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ცოტა ხნის წინ ვერტმფრენით მთლიანი ზონის საკონტროლო შემოფრენა მოხდა.
"სურ რამდენიმე წუთის წინ ჩვენ მთლიანი ზონის საკონტროლო შემოფრენა მოვახდინეთ, სადაც ხანძრის კერები იყო. მინდა გითხრათ, რომ დაკვამლიანებაც აღარ არის. აბასთუმნის ტყეში ხანძარი სრულად ლოკალიზებულია, სრულად ლიკვიდაციისთვის სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე ცოცხალი ძალა გადასულია გარკვეულ ზონებში უკვე ნიადაგის პრევენციულ დამუშავებაზე. ავიაციამ ცოცხალ ძალასთან ერთად ეფექტურად იმუშავა და ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ მთელ ზონაში, სადაც ხანძარი იყო სრულად ლოკალიზება გვაქვს", - განაცხადა მღებრიშვილმა.
რაც შეეხება გამოძიებას მღებრიშვილი აცხადებს, რომ ხანძრის პირველივე წუთებიდან გამოძიება დაიწყო და საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს.
"დღეს გამომძიებლების გარკვეული ჯგუფი ადგილზე მუშაობენ. შემთხვევის ადგილის დათვალიერება მიმდინარეობს. ჯერჯერობით მოდით ნუ ვისაუბრებთ, დაველოდოთ, გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს",- დასძინა მღებრიშვილმა.