რეზონანსი
31.08.2017

 (რეზონანსი) რკინიგზელების მხარდასაჭერად 1 სექტემბერს, 18:00 საათზე საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან მსვლელობა გაიმართება. აქციის ორგანიზატორები "აუდიტორია 115" და "პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა" არიან. ფეისბუქზე აქციის შესახებ სპეციალური ღონისძიების ლინკიც სახელწოდებით - "მსვლელობა რკინიგზელთა მხარდასაჭერად!", შეიქმნა.

„ერთადერთი რასაც საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტი აკეთებს არის ცრუ ინფორმაციების გავრცელება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და საკუთარი სკამების გადარჩენის მიზნით. მოთხოვნები უცვლელია. ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ და ღიად, მოშიმშილეების დასაცავად, მათი მოთხოვნების გათვალისწინებით, პროცესში ჩაერიოს და რკინიგზის ადმინისტრაციის "შტრეიკბრეხერულ" ინიციატივებს ხელი შეუშალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესი შეიძლება ტრაგიკული მოვლენებით გაგრძელდეს", - აცხადებენ ორგანიზატორები.

მსვლელობის ორგანიზატორთა მოთხოვნები უცვლელია: უკანონოდ გათავისუფლებული/გადაადგილებული თანამშრომლები სამსახურში დაუყოვნებლივ დაბრუნდნენ. საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ვასილ ხორავამ რკინიგზა დატოვონ. წინა გაფიცვების შედეგად მიღწეული შეთანხმებები შესრულდეს.

9 აგვისტოს რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ "საქართველოს რკინიგზის" ადმინისტრაციამ სამი თანამშრომელი გაათავისუფლა. ადმინისტრაციამ ისინი კახეთიდან სამუშაოდ თბილისში გადაიყვანა.

მათ მარნეული-გარდაბნის მონაკვეთზე უნდა ემუშავათ. ამასთან, ხელმძღვანელობამ საცხოვრებლის, ტრანსპორტისა და კვების უზრუნველყოფაზე უარი განაცხადა. მუშები პირობებს არ დათანხმდნენ, რის გამოც სამსახურიდან გაათავისუფლეს.

14 რკინიგზელი უკვე მე-17 დღეა შიმშილობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×