"თუ საქართველო მუსტაფა ემრე ჩაბუქს ან დემირელის სკოლის სხვა რომელიმე თანამშრომელს თურქეთს გადასცემს, მათ სწორედ ასეთი ბედი ემუქრებათ და ეს საქართველოს რეპუტაციას მძიმე ტვირთად დააწვება", - აცხადებს "რეზონანსთან" სატელეფონო ინტერვიუში რებეკა ჰარმსი, გერმანელი პოლიტიკოსი, რომელსაც ამჟამად ევროპარლამენტში "მწვანეები-ევროპის თავისუფალი ალიანსის" ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი უკავია.
ის ივლისში საქართველოს სტუმრობდა და საპყრობილეში მუსტაფა ემრე ჩაბუქი მოინახულა.
"რეზონანსი": მუსტაფა ემრე ჩაბუქთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, რამდენიმე დღის წინ თბილისის სასამართლომ მას წინასაექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა. ამ ამბავმა რა გავლენა შეიძლება მოახდინოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე?
რებეკა ჰარმსი: პირდაპირ გეტყვით, მე გაოცებული ვარ იმით, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი კვლავ ციხეში იმყოფება. თუმცა ზოგადად ეს შემთხვევა უნიკალური არ არის. თურქეთი სხვა ქვეყნებზეც ახორციელებს მსგავსი სახის წნეხს, ვგულისხმობ კონკრეტული ინდივიდების ექსტრადიციის მოთხოვნას. ყველას ვეუბნები და ვთხოვ, რომ არ დაჰყვნენ ამგვარ ზეწოლას.
მე ამ საკითხზე კავშირი მაქვს საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე მუდმივად კომუნიკაციაში ვიმყოფები ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურის ხელმძღვანელებთან, მათ შორის - აღმოსავლეთ პარტნიორობის უწყებებთან.
"რ": იცით, რა ბედი ეწია დემირელის სკოლას, სადაც ემრე ჩაბუქი მუშაობდა?
რ.ჰ: შოკირებული ვიყავი გუშინ, როცა დემირელის სკოლის დახურვის შესახებ გავიგე. ეს იმის ნათელი დადასტურებაა, რომ საქართველოზე წნეხი მართლა ხორციელდება. ამ ფონზე არსებობს იმის საფრთხე, რომ თურქეთმა სხვა ადამიანების გადაცემაც მოითხოვოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სკოლა იყო, რომელმაც უამრავი წარმატებული ადამიანი გამოზარდა.
ახლა კი გვაქვს ასეთი სურათი - ქართულ-თურქული თანამშრომლობის ეს ძალიან კარგი მაგალითი გადაიქცა ნამდვილ კოშმარად იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ სკოლაში ასწავლიან. ვგულისხმობ იმ პედაგოგებს, რომლებსაც თურქეთის მოქალაქეობა აქვთ.
"რ": ახსენეთ, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ამბავი უნიკალური შემთხვევა არ არის და ასეთი წნეხი სხვა ქვეყნებზეც ხორციელდება. ზოგადად, როგორი რეაქცია აქვთ ამ ქვეყნებს ანკარის მოთხოვნებზე?
რ.ჰ: თურქეთში ამჟამად არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, იქ სამართლიანი სასამართლოს იმედი არავის არ აქვს. ის ადამიანები, რომლებსაც ექსტრადიციას გაუკეთებენ, თურქეთში პირდაპირ ციხეში მოხვდებიან და, დიდი ალბათობით, უსამართლო მოპყრობას დაექვემდებარებიან, შეიძლება აწამონ კიდეც.
თუ საქართველო მუსტაფა ემრე ჩაბუქს ან დემირელის სკოლის სხვა რომელიმე თანამშრომელს თურქეთს გადასცემს, მათ სწორედ ასეთი ბედი ემუქრებათ და ეს საქართველოს რეპუტაციას მძიმე ტვირთად დააწვება.
"რ": საქართველოში არაინ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ თურქეთი არის ქვეყნის მნიშვნელოვანი პარტნიორი და ერთი ადამიანის გამო ასეთი ურთიერთობების დანგრევა მიზანშეწონილი არ არის. რას ეტყოდით ამ ადამიანებს?
რ.ჰ: საქართველო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში მონაწილეობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა აღიარებს კანონის უზენაესობას, დამოუკიდებელ სასამართლოსა და ადამიანის უფლებებს. ასე რომ, ასეთი პოზიცია არ შეუწყობს ხელს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
"რ": საერთოდ, თურქეთში მიმდინარე პროცესების ჭრილში, რა პოზიცია აქვს ევროკავშირს?
რ.ჰ: ეს საკმაოდ ფართო თემაა. მოდით, მე მხოლოდ ევროპარლამენტის პოლიტიკით შემოვიფარგლები, რომელსაც ამჟამად წარმოვადგენ. რეფერენდუმის შემდეგ, რომლითაც თურქეთის კონსტიტუცია შეიცვალა, ევროკავშირმა ამ ქვეყანასთან გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შეაჩერა.
ამასთანავე, ბოლო ორი დღეა, ევროპარლამენტში აქტიურად განიხილება თურქეთთან საბაჟო კავშირის მოდიფიცირება-გაუმჯობესება.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თქვა, რომ, თურქეთში მიმდინარე პროცესების ფონზე, ეს მიზანშეწონილად არ მიაჩნია. მართალია, ეს ჯერჯერობით ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია არ არის, მაგრამ აქ ბევრს მიაჩნია, რომ თურქეთში ავტორიტარული რეჟიმის არსებობის პირობებში მასთან საბაჟო კავშირი კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დადგეს.