რეზონანსი
01.09.2017

 (რეზონანსი) დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე ამ წუთებში დასკვნითი სხდომა იმართება. პროცესი დახურულია. დაცვის მხარე დღეს დასკვითი სიტყვით გამოვა. სასამართლოს წინაშე საბოლოო სიტყვით წარდგება თავად ბრალდებულიც, რის შემდეგაც მხარეები სავარაუდოდ საპაექრო სიტყვევით გამოვლენ.

სწორედ ამის შემდეგ გავა მოსამართლე გადაწყვეილების მისაღებად და არაა გამორიცხული დღევანდელ პროცესზევე დადგეს საქმეზე განაჩენი.

თუ მამა გიორგის მიმართ იქნება გამამტყუნებელი განაჩენი, ეს იქნება კატასტროფა, - ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

რამიშვილის თქმით, დასკვნით სიტყვაში დაცვის მხარე ყურადღებას გაამახვილებს იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც ბრალდების მხარისთვის არის საფუძველი ბრალის წარდგენისა.

როგორც პროკურორმა ზვიად გუბელაძემ პროცესის დაწყებამდე განაცხადა, რომ მოწმეების ჩვენებებისა და მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სწორედ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა დადგეს.

პროკურორის მტკიცებით, ბრალდებას უტყუარი მტკიცებულებები აქვს წარდგენილი.

გიორგი მამალაძე თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორეს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.

თებერვალში დაკავებულ დეკანოზს ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარების მოტივით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×