(რეზონანსი) საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ კონსტიტუციური კანონი არცერთ ნორმას არ შეიცავს, რომელიც მმართველი პარტიის სუბიექტურ პოლიტიკურ პოზიციებს აუმჯობესებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საკონსტიტუციო რეფორმის დასრულების საფუძველზე, საქართველოს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველად, ექნება იმგვარი კონსტიტუცია, რომელიც ქვეყანაში ყოველგვარი ავტოკრატიის ჩამოყალიბებას გამორიცხავს და ქვეყნის გრძელვადიან, სტაბილურ დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს.
საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე სტრასბურგში არ გაემგზავრება. მმართველი გუნდი ვენეციის კომისიას მოდერატორობისთვის მადლობას უხდის, თუმცა შეხვედრის აზრს ვერ ხედავს.
„იმ პირობებში, როდესაც ოპოზიციამ დიალოგის პროცესი საბოლოოდ ჩიხში შეიყვანა, კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვამ ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ ყოველგვარი აზრი დაკარგა. აღნიშნული შედეგი მით უფრო სამწუხაროა, რომ ვენეციის კომისიამ საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის მიმართ განსაკუთრებული გულისხმიერება გამოავლინა და ქართულ პოლიტიკურ სპექტრს კონსენსუსის მისაღწევად სტრასბურგში საგანგებო კონსულტაციების მასპინძლობა და მოდერირება შესთავაზა. საპარლამენტო უმრავლესობა მადლობას უხდის ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო რეფორმის პროცესის მხარდაჭერისთვის", - ნათქვამია უმრავლესობის განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საშემოდგომო სესიაზე საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების ორი მოსმენით მიღებულ ტექსტს რედაქციული შესწორებებით დაამტკიცებს.