საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული ვნებათაღელვა და დაპირისპირება თავის პიკს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მიაღწევს
ნინო ქეთელაური
02.09.2017

 პრეზიდენტი მმართველ გუნდს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და კონსტიტუციის მიღების პროცესის დაუყოვნებლივ შეწყვიტისკენ და სამუშაო პროცესში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. თავის მხრივ, ოპოზიცია ვენეციის კომისიას მიმართავს და აღნიშნავს, რომ მათ სურთ სტრასბურგის შეხვედრაზე დასწრება და კონსენსუსი, თუმცა, ამის წინააღმდეგი ხელისუფლებაა.

აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა საკონსტიტუციო ცვლილებების იმ პაკეტთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტმა 2 მოსმენით უკვე მიიღო, 6 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 კვირით ადრე გამოქვეყნდება. სავარაუდოდ, ასევე არჩევნების წინ პარლამენტი მესამე მოსმენით უყრის კენჭს საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს.

ამ გარემოებებისა და ზოგადად საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის გათვალისწინებით, ქართველ ექსპერტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ 2017 წლის 21 ოქტომბრის ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, რიგითი არჩევნები შესაძლოა, "სუპერარჩევნებად" იქცეს.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, ხელისუფლება უნდა განეწყოს კონსენსუსისთვის და დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს, რადგან, სხვა შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციას სერიოზული ლეგიტიმაციის პრობლემა ექნება.

"ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში ვამბობდით, რომ კონსტიტუციის მიღება კონსენსუსის გარეშე იყო შეუძლებელი, წარმოუდგენელი და ასეთი ტიპის კონსტიტუციას ექნებოდა ლეგიტიმაციის პრობლემა. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პოლიტიკურ გუნდს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს კონსტიტუციის მიღების პროცესი საქართველოს პარლამენტში", - განაცხადა აბაშიშვილმა.

თავის მხრივ, კვალიფიციური ოპოზიციური პარტიები ვენეციის კომისიას წერილით მიმართავენ, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი კვლავ ადასტურებენ მზადყოფნას, გააგრძელონ პოლიტიკური დიალოგი და მონაწილეობა მიიღონ 6 სექტემბერს სტრასბურგში დაგეგმილ ღონისძიებაში.

მათივე განცხადებით, აგვისტოს თვეში, ხელისუფლების ინიციატივით დაგეგმილ შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობამ პოლიტიკურ პარტიებს სთხოვა, წარმოედგინათ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები, რაზეც ოპოზიციურმა პარტიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი პოზიცია.

მათივე თქმით, მათთვის უმთავრესია პარლამენტის მაჟორიტარული სისტემის შეცვლა პროპორციული სისტემით. ასევე, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული სხვა საკითხები: ბარიერის შემცირება 5%-დან 3%-მდე; საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობის შენარჩუნება და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი.

ოპოზიციის განმარტებით, ამის შემდეგ, მმართველმა პარტიამ ცალმხრივად შეწყვიტა მოლაპარაკებები და მე-3 მოსმენით იგივე პროექტი იქნება დამტკიცებული, რაც მე-2 მოსმენით იქნა მიღებული.

"ჩვენი მხრივ კვლავ ვადასტურებთ, რომ მზად ვართ, გავაგრძელოთ პოლიტიკური დიალოგი და მონაწილეობა მივიღოთ 6 სექტემბერს სტრასბურგში დაგეგმილ ღონისძიებაში", - ნათქვამია ოპოზიციური პარტიების წერილში.

შექმნილ ვითარებაზე სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ ეს თავიდანვე პროგნოზირებადი იყო და ამის საშუალებას მმართველი გუნდის მოქმედებები იძლეოდა.

"საქართველოს პრეზიდენტის განცხადება არის უკანასკნელი მცდელობა, რომ ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს ნორმალური კონსტიტუცია. დიდი ალბათობით, თავად კონსტიტუციის ბედი უკვე გადაწყვეტილია, რაც ოპოზიციას აძლევს საშუალებას, რომ ახალი არგუმენტები ჰქონდეთ ხელისუფლების წინააღმდეგ და ამის შესახებ ჩვენს ევროპელ პარტნიორებსაც მოახსენონ. ეს ყველაფერი კი თავიდანვე პროგნოზრებადი იყო, რადგან დღევანდელი პარლამენტის უმრავლესობა გახლავთ იმ დავიდარაბის სათავე, რომელსაც უსათუოდ ადგილი ექნება არჩევნების წინ", - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის შეფასებით, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაზე მეტი ხელისუფლებას მოეთხოვება და ნებისმიერი დამკვირვებელი ქვეცნობიერად მაინც უმცირესობას ემხრობა.

"როგორც ჩანს, პრეზიდენტი არ იცვლის თავის პრინციპულ პოზიციას და ბოლო წუთამდე არ წყვეტს ბრძოლას იმ ჩარჩოებში, რასაც მას კონსტიტუცია ანიჭებს. ხელისუფლებას მოუწოდებს და ცდილობს, მიუმხრობელი არბიტრის როლი შეასრულოს.

"როდესაც ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ასეთი კონფლიქტია, ნებისმიერი დამკვირვებლის თვალში მმართველ პარტიას ყოველთვის მეტი მოეთხოვება. იმიტომ, რომ ის ძლიერია, ხელისუფლებაში ყველაფერი მასზეა დამოკიდებული და მისი პოზიცია გადამწყვეტია. ამიტომ, თუკი რომელიმე მხარე დათმობებზე უნდა წავიდეს, დემოკრატიული ფასეულობებისა და ღირებულებების გათვალისწინებით, პირველ რიგში, ეს ხელისუფლებაა.

"ქვეცნობიერად, როგორც მოსახლეობის, ისე საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაო სიმპათია ოპოზიციის მხარეზეა, ვინაიდან ის სუსტია და ვერავინ იტყვის, სუსტმა დაჩაგრა ძლიერიო, სუსტი ძლიერს ესაუბრება ულტიმატუმის ენაზეო. ეს აბსურდია. მაშინ ძლიერმა უნდა დაამტკიცოს, რომ სუსტს არ აწყობს შეთანხმება და მმართველი პარტიის კეთილი ნებით სარგებლობა, მაგრამ მმართველი პარტია ამას ვერასდროს დაამტკიცებს", - აცხადებს სოსო ცინცაძე და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ახლა დიდი არჩევანის წინაშეა.

"მაჟორიტარების როლი მთელ მსოფლიოში არსად ისეთი გადამწვეტი არ არის, როგორც ე.წ. ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყნებში. ჩვენი ხელისუფლება დგას არჩევანის წინაშე. მან ან უნდა შეინარჩუნოს სახე ევროპის წინაშე და წავიდეს კომპრომისზე, რასაც მაჟორიტარების საკითხი ჰქვია, ან არანაირი ანგარიში არ უნდა გაუწიოს ევროპის პოზიციას (იმავე ვენეციის კომისიას, რომლის უკანაც მთელი დემოკრატიული სამყარო დგას და აკვირდება ჩვენს არჩვნებს), ზურგი შეაქციოს მის განწყობას და ყველა მომდევნო არჩვნებზე ჰქონდეს ისეთი გაუჭრელი კოზირის კარტი, რასაც მაჟორიტარები ჰქვია.

"ამიტომ არის, რომ ეს ადგილობრივი არჩევნები, რომელიც თითქოს მეორეხარისხოვანია, დღეს იქცა სუპერარჩევნებად, რადგან სწორედ არჩევნების წინ უნდა მიიღოს პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება", - აცხადებს პოლიტოლოგი.

სოსო ცინცაძის შეფასებით, ეს იქნება ნეგატიური არჩევნები, სადაც მოსახლეობა ისევ "შეჩვეულ ჭირზე" გააკეთებს არჩევანს.

"ეს პროცესი ხელისუფლებისთვის დამაზარალებელი აღმოჩნდება ფსიქოლოგიურად, მორალურად, მაგრამ არა - შედეგების თვალსაზრისით. იმიტომ, რომ მართალია, მოსახლეობის დიდი ნაწილი არჩვნებზე არ მივა, მაგრამ ვინც გამოცხადდება, ის იტყვის - აბა, ვის მივცე ხმა?! ამ ოპოზიციას ისევ პოზიცია მირჩევნიაო.

"მათ არჩევანი აქვთ ცუდსა და უარესს შორის და აირჩევენ ცუდს. ეს იქნება ისეთივე ნეგატიური არჩვენები, როგორიც ბოლო იყო. 2012 წელს იყო კარგი არჩვნები, ხალხი იმედს აძლევდა ხმას, რომელიც აუხდენელ ოცნებად გადაიქცა. ჩვენ ხომ მაინც აღმოსავლეთი ვართ, სადაც სისხლ-ხორცში გამჯდარი - შეჩვეული ჭირი ჯობია შეუჩვეველსო და ესეც მოხდება", - აცხადებს სოსო ცინცაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×