ამერიკული გამოცემა "უოლ სთრით ჯორნალის" ინფორმაციით, ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი ბევრად უფრო დიდხანს მუშაობდა რუსეთთან, ვიდრე ოფიციალურად აღიარებს და დიდი ანაზღაურების საფასურად პუტინის ხელისუფლების ინტერესების წინ წამოწევასა და ლობირებას ეწეოდა არა მარტო უკრაინაში, არამედ საქართველოსა და მონტენეგროშიც.
კონკრეტულად კი, საქართველოში 2004 წელს რუსი ბიზნესმენის შეკვეთით 2004 წელს პრორუსული პოლიტიკოსისა და ედუარდ შევარდნაძეზე თავდასხმაში ბრალდებული უშიშროების ექსმინისტრ იგორ გიორგაძის საქართველოში დაბრუნებას ცდილობდა.
ამერიკული გამოცემის მტკიცებით, პოლ მანაფორტის პოლიტიკური საკონსულტაციო კომპანია რუს ბიზნესმენ ოლეგ დერიპასკასთან 2004-დან 2015 წლამდე მუშაობდა და ამბიციურ მიზნებს ისახავდა, რომელიც უკავშირდებოდა რუსეთის პოლიტიკური ინტერესების წინ წამოწევას იმ ქვეყნებში, რომლებსაც კრემლი თავისი გავლენის სფეროდ განიხილავს.
სტატიაში ცალ-ცალკეა განხილული საქართველოში, უკრაინასა და მონტენეგროში მანაფორტის კომპანიის საქმიანობა და ინტერესები.
საქართველოსთან დაკავშირებით წერია, რომ დონალდ ტრამპის შტაბის ყოფილ ხელმძღვანელ პოლ მანაფორტის ფირმა "დი-ემ-პი" ("დევის მანაფორტ პარტნერსი") ოლეგ დერიპასკას ორგანიზაციას ეხმარებოდა 2004 წელს პრორუსული პოლიტიკოს იგორ გიორგაძის საქართველოში დაბრუნების ორგანიზებაში.
დერიპასკას ერთ-ერთმა საინვესტიციო პარტნიორმა, ნათანიელ როტშილდმა მანაფორტის პარტნიორ რიკი დევისთან ერთად მოსკოვში გიორგაძესთან შეხვედრა გამართა. მოლაპარაკებების დროს მანაფორტის პარტნიორ დევისს სთხოვეს, გიორგაძეს სამშობლოში დაბრუნების გეგმის შემუშავებაში დახმარებოდა, - ამბობს გამოცემის წყარო.
"გეგმაზე სამუშაოდ დერიპასკამ დაიქირავა კომპანია "დევის მანაფორტ პარტნერსი", - ირწმუნება წყარო.
მისი თქმით, დერიპასკას მიზანი იყო საქართველოში პოლიტიკის პრორუსულით შეცვლა. გეგმით ნავარაუდევი იყო, რომ როტშილდი საქართველოში ინვესტირებას დაიწყებდა, ჯერ - ვენახებში, ხოლო შემდეგ მთავრობას სთხოვდა, გიორგაძის დაბრუნება უზრუნველეყო. შედეგად, გიორგაძე საქართველოში რუსეთის საიმედო დასაყრდენი გახდებოდა და ქვეყანას დასავლეთთან დაახლოების საშუალებას არ მისცემდა.
2004 წლის ბოლოს როტშილდი და დევისი თბილისში უკვე გაპრეზიდენტებულ მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ. პრეზიდენტმა მათი პროექტების განხილვა გადადო და ამით მათი გეგმებიც დაარღვია.
გამოცემა წერს, რომ დევისმა და გიორგაძის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა გამოცემის შეკითხვებს არ უპასუხეს. მანაფორტის წარმომადგენელი ჯეისონ მელონი კი ადასტურებს, რომ აღნიშნულმა კომპანიამ მონაწილეობა მიიღო ამ ქართულ პროექტში, მაგრამ აქ თავად მანაფორტი არანაირ როლს არ თამაშობდა.
საქართველოს შემდეგ, მანაფორტი უკრაინაზე გადაერთო, სადაც მისი კომპანია ვიქტორ იანუკოვიჩსა და მის პრორუსულ "რეგიონების პარტიას" ლობირებდა და 2012-2014 წლებში ამგვარ მომსახურებაში 17 მლნ დოლარზე მეტი მიიღო. იმის გამო, რომ მანაფორტმა სრულად არ გაამჟღავნა უკრაინაში მუშაობის დეტალები, ის იძულებული გახდა, 2016 წელს ტრამპის შტაბი დაეტოვებინა.
ახლა კი ამერიკის ფედერალური ბიურო ("ეფ-ბი-აი") იძიებს აშშ-ის არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის ფაქტებს და ამ კონტექსტში იკვლევენ მანაფორტის მიერ ლობირებასა და ფულის გათეთრებასთან ბრძოლაში აშშ-ის კანონის შესაძლო დარღვევას.
2017 წლის ივლისში პოლ მანაფორტმა აშშ-ის სენატის სადაზვერვო კომიტეტში ჩვენებაც მისცა და მანაფორტის რეზიდენციაც შეამოწმეს.
შეხვდა თუ არა იგორ გიორგაძე მანაფორტის პარტნიორს მოსკოვში საქართველოში დაბრუნების დასაგეგმად, ამის შესახებ "რეზონანსი" გიორგაძის ადვოკატს დაუკავშირდა.
გაგი მოსიაშვილი ამბობს, რომ მან ამ ფაქტის შესახებ არაფერი იცის და ვერც დაგვეხმარება, გიორგაძესთან გადაამოწმოს ინფორმაცია.
გაგი მოსიაშვილი: "ბატონი იგორის ინტერესებს ვიცავ ჩვენს სასამართლოში. იმის გათვალისწინებით, რომ იგორ გიორგაძე 90-იან წლებში პოლიტიკური დევნილი იყო და აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ბრალი წაუყენეს, ამ დაუსაბუთებელი ბრალის პირობებში ვცდილობთ, სამართლიანი სასამართლოს პირობებში მოხდეს სამართლიანობის აღდგენა. აქედან გამომდინარე, თქვენ მიერ მონათხრობი ამბავი ჩემთვის არც საინტერესოა და, მეორე მხრივ, არც არანაირი ინფორმაცია არ მაქვს.
"ამ მიმართულებით ადრესატი მე არ გახლავართ. სხვა სახის ინფორმაცია, გარდა სამართლებრივი ურთიერთობებისა, ჩემთვის უცნობია. ინფორმაციის გადამოწმებაში მე ვერანაირად ვერ დაგეხმარებით. იგორ გიორგაძის უშუალო მოთხოვნა არის ის, რომ მისი უდანაშაულობა სასამართლოში დადასტურდეს და მერე ჩამოვა თუ არა საქართველოში, ეს მისი გადასაწყვეტია".
"მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის" თავმჯდომარე გია ნოდიას თქმით, პოლ მანაფორტის რუსეთსა და იანუკოვიჩთან თანამშრომლობა ცნობილი ფაქტია, ამ თემას "ეფ-ბი-აი" იძიებს, მაგრამ ის, რომ არსებობდა გეგმა, იგორ გიორგაძე ჩამოეყვანათ საქართველოში და ამაში მანაფორტი მონაწილეობდა, სიახლეა.
"შესაძლოა, პუტინთან დაახლოებულ რუს ოლიგარქს მოსვლოდა აზრად, რომ გიორგაძე საქართველოში დაებრუნებინა, მაგრამ ფაქტია, ეს არ განხორციელდა და არც დერიპასკას უმოღვაწია საქართველოში. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთში იყო ილუზია - სააკაშვილთან შეთანხმება მომხდარიყო პრორუსული პოლიტიკის გასატარებლად და ეს ვარაუდი ჩაიშალა.
"გასაგებია ისიც, თუ როგორი საარჩევნო კამპანია ჰქონდა ტრამპს - იყო შიში, რომ პუტინთან შეთანხმების მიღწევას შეეცდებოდა. შესაბამისად, საქართველოს მხარდაჭერა არ ექნებოდა აშშ-ისგან რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, მაგრამ ესეც არ გამართლდა.
"ვინც ტრამპის კაბინეტში უშიშროების პოლიტიკას ახორციელებს, ასევე თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მატისი რუსეთის მიმართ მკაცრი პოლიტიკის მომხრეები არიან. ამიტომაც არ მგონია, გიორგაძის საქართველოში დაბრუნებაზე რაიმე ლობირება მოხდეს. ამის რაიმე ნიშანი არ არის. გიორგაძის ჩამოყვანის პერსპექტივა ამ ეტაპზე რეალისტური არ არის," - მიიჩნევს ნოდია.