ევროპაში რუსეთსა და აშშ-ის შორის ბირთვული შეიარაღების რბოლა იწყება და საუბარია იმაზე, რომ საფრთხის რეალობის გამო ნატო-ში შეიმუშავეს ახალი სტრატეგია - 39 შესაძლო მეთოდი, "როგორ შეაკავონ რუსეთი", რუსული მედია კი აშშ-ის ფრთოსანი რაკეტების ბალტიისპირეთში განთავსებისა და ამით რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელოვანი ცენტრების განეიტრალების რეალობაზე შფოთავს.
დასავლეთში რუსულ ბირთვულ საფრთხეებზე დისკუსია გააქტიურდა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა საერთაშორისო აკრძალვის მიუხედავად სახმელეთო ბაზირების ახალი ფრთოსანი რაკეტები განათავსა საკუთარ ტერიტორიაზე, შექმნა ორი ახალი სარაკეტო დივიზია, რის გამოც მარტში აშშ-მა ოფიციალურად პირველად მოსკოვი "საშუალი და მცირე მანძილზე მოქმედების რაკეტების შესახებ" 1987 წლის ხელშეკრულების დარღვევაში დაადანაშაულა.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, რუსეთმა განზრახ განათავსა რაკეტები და ამ ნაბიჯით ის ნატოს-თვის საფრთხის შექმნას ცდილობს.
ამის შემდეგ პენტაგონმა "ნომერ პირველ პრიორიტეტად" ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების სტრატეგიული ბირთვული იარაღის დაუყოვნებლივ მოდერნიზების დაწყება გამოაცხადა.
პარალელურად, აშშ-ის კონგრესი აპირებს მოამზადოს კანონპროექტი, რომ ვაშინგტონი ზემოთ ხსენებული 1987 წლის ხელშეკრულებიდანაც გამოვიდეს.
როგორც პენტაგონში მეორე პირი, პოლ სელვა ამბობს, რუსეთი არც მომავალში დაიცავს ამ ხელშეკრულებას აშშ-ისა და საერთაშორისო საზოგადოებიდან ზეწოლის არარსებობის გამო და ამიტომაც, რუსული რაკეტის წინააღმდეგ ბრძოლა გახდება აშშ-ის ახალი ბირთვული პოლიტიკის მიმოხილვის ნაწილი, რომელსაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაამტკიცებს.
ცნობისათვის, 1987 წელს სსკრ-სა და აშშ-ის ლიდერებს - მიხეილ გორბაჩოვსა და რონალდ რეიგანს შორის ხელი მოეწერა "მცირე და საშუალო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ" შეთანხმებას. საბჭოთა კავშირმა და აშშ-მა ვალდებულება იკისრეს არ აწარმოონ, არ გამოსცადონ და არ განათავსონ საშუალო (1 000-დან 5 500-მდე კმ-ის) და მცირე (500-დან 1000-მდე კმ-ის) სიშორის მოქმედების ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები.
თუკი აშშ და რუსეთი ამ ხელშეკრულებას გააუქმებენ, საერთაშორისო პოლიტოლოგების განცხადებით, ევროპაში ბირთვული სახელმწიფოების მხრიდან მოდერნიზებული ფრთოსანი რაკეტების განთავსება დაიწყება, რაც ბირთვული საფრთხის ნაბიჯ-ნაბიჯ მოახლოებას მოასწავებს.
ამ საფრთხეების გამო გერმანული გამოცემა "დოიჩე ცაითუნგზე" დაყრდნობით რუსული "რია ნოვოსტი" წერს, რომ ნატო-ში შეიმუშავეს მობმედების ახალი სტრატეგია, რომელიც რუსეთის შეკავების 39 შესაძლო მეთოდს მოიცავს. საუბარია კონფიდენციალურ დოკუმენტზე, რომლის სახელწოდებაა "რა მოხდებოდა, თუ..." და რომელიც გადაეგზავნა ალიანსის ყველა წევრ ქვეყანას.
ნატო-ში ასევე დიდი მცდელობაა იმაზე, რომ რუსეთის მიერ 1987 წლის ხელშეკრულების დარღვევის მიუხედავად აშშ-მა არ შეწყვიტოს შეთანხმება.
ნატო-ში რუსეთის შეკავების დოკუმენტის არსებობაზე კომენტარს არავინ აკეთებს, თუმცა კეთდება განცხადებები, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიმდინარეობს დისკუსია "საშუალო და მცირე სიშორის მოქმედების რაკეტების შესახებ" ხელშეკრულების დაცვაზე.
რუსეთის მხრიდან ამ ხელშეკრულების დარღვევაზე ჯერ კიდევ 2014 წელს ალაპარაკდა ბარაკ ობამას ადმინისტრაცია, როდესაც რუსეთმა ფრთოსანი რაკეტები გამოსცადა, მაგრამ ოფიციალურად მოსკოვი მაშინ არავის დაუდანაშაულებია. 2017 წლის თებერვალში კი "ნიუ იორკ ტაიმსმა" აშშ-ს ადმინისტრაციაზე დაყრდნობით დაწერა, რომ რუსეთმა ორი სარაკეტო დივიზია განათავსა და უკვე ოფიციალური დადანაშაულებაც დაიწყო.
რუსული მედია არ მალავს, რომ რუსული სარაკეტო დივიზია უკვე ფუნქციონირებს. "რია ნოვოსტის" ცნობით, ამ კომპლექსის საბრძოლო მანქანები ჩვეულებრივი რაკეტსაწინააღმდეგო "ისკანდერებით" არის უნიფიცირებული, ამიტომ მათი იდენტიფიცირება რთულია. რუსი ექსპერტების წერენ, რომ ეს არის მოდიფიცირებული "ისკანდერ ემ"-ები, რომლის რაკეტის ფრენის სიშორე 5 500 კმ-ია ჩვეულებრივი ან ბირთვული ქობინით და სწორედ ასეთი რაკეტების შექმნა და ტესტირება მიიჩნევა 1987 წლის ხელშეკრულების დარღვევად.
საპასუხოდ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა გეგმავს დაიწყოს საშუალო რადიუსის რაკეტების სერიული გამოშვება და მათი განთავსება ევროპაში, რაც ასევე აკრძალულია ამ ხელშეკრულებით.
რუსული მედიის ცნობით, გამორიცხული არ არის აშშ-მა სერიული წარმოებისთვის საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტების "პერშინგ 2"-ების მოდერნიზება მოახდინოს, რომლის მოქმედების სიშორე 1 770 კმ იყო და 1987 წლამდე ევროპაში განთავსებული ეს რაკეტები სსრკ-ს ევროპულ ნაწილს წვდებოდა. გარდა ამისა, მაშინ აშშ-ის არმიის შეიარაღებულ ძალებში ასევე შედიოდა 500 ერთეული სახმელეთო ბაზირების ფრთოსანი რაკეტა "ტომოჰავკი".
რუსული მედია შეშფოთებით წერს, რომ თუ ადრე ეს შეიარაღება განთავსებული იყო დასავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე, ახლა შეიძლება განლაგდეს ბალტიის ქვეყნების აღმოსავლეთ საზღვრებზე და ამ შემთხვევაში ამერიკულ რაკეტებს შეეძლებათ ძალიან სწრაფად მიწვდნენ რუსეთის სამხედრო ობიექტებსა და ყველაზე მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ-პოლიტიკურ ცენტრებს, თან ისე, რომ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას საპასუხო დარტყმის მიყენებისთვის საჭირო დროც კი არ ექნებათ და ამ შემთხვევაში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის გაფრთხილების სისტემას უბრალოდ აზრი ეკარგება.
ამავდროულად, აშშ-ის საჰაერო ძალები განაგრძობენ სტრატეგიული ბირთვული ძალების მოდერნიზაციის პროგრამას. 2016 წლეს პრეზიდენტად ახლადარჩეულმა დონალდ ტრამპმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ აშშ-მა "მნიშვნელოვნად უნდა გააძლიეროს სტრატეგიული ბირთვული ძალები." მეორე დღეს კი ტრამპმა "შეიარაღებაზე შეჯიბრის" პირობაც დადო და განაცხადა, რომ აშშ "ყველა მოწინააღმდეგეს ყველა კომპონენტში გადაასწრებს".
მომდევნო 15 წლის განმავლობაში პენტაგონი ემზადება მილიარდობით დოლარი დახარჯოს და განავითაროს სტრატეგიული ბომბდამშენები "ბ-21", ახალი ატომური წყალქვეშა ფლოტი ბალისტიკური რაკეტებით და მომდევნო თაობის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები.
რა მოხდება, თუკი აშშ და რუსეთი გამოვლენ 1987 წლის ხელშეკრულებიდან? უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ "ბირთვული შეიარაღების რბოლა იწყება, რაც კიდევ უფრო მყიფეს ხდის საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემას" და 1987 წლის შეთანხმების გაუქმებით ევროპა და ჩვენ ბირთვული დარტყმის ობიექტები ვხდებით.
მაისაია ამბობს, რომ რუსეთი ამ შეთანხმებას არღვევს, რადგან მოდერნიზაცია გაუკეთა ბალისტიკურ რაკეტებს - "ისკანდერ ემ"-ებს, რომლის მოქმედების სიშორე 500-დან 700 კმ-მდე გაიზარდა და ის კალინინგრადშია განთავსებული. ასევე ბალტიის ზღვაში საზღვაო დანიშნულების ბალისტიკური რაკეტებს "ბულავა ენ"-ების რადიუსი გაიზარდა 1500-დან 2 000 კმ-დე. ასევე რუსებმა პირველად გამოიყენეს "გარპუნის" სისტემა, როდესაც კასპიის ზღვიდან "ისლამური სახალიფოზე" დაბომბეს და სიშორე 2 500 კმ-ს შეადგენდა.
"საპასუხოდ აშშ-მა შესაძლოა ბირთვული ქობინები დააყენოს ბალტიისპირეთში, პოლონეთსა და რუმინეთში და ეს რუსეთს მოწყვლადს გახდის. თუკი ადრე სარაკეტო კომპლექსები იდგა გერმანიის ტერიტორიაზე, ახლა ის უფრო მიუახლოვდება რუსეთის ტერიტორიას," - მიიჩნევს მაისაია.
მისი თმით, რუსეთი და აშშ ბალისტიკური რაკეტების განთავსებას დაიწყებენ და რუსებმა შესაძლოა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები გამოიყენოს და ნატო-ს დაფარვის ზონაში ოკუპირებული ტერიტორიები აღმოჩნდება.
"საბჭოთა კავშირის დროსაც კი ეშერის ლაბორატორიაში იყო სარაკეტო კომპლექსები და თუ ნატოს-თან ომი დაიწყებოდა, მისი გამოყენება უნდა მომხდარიყო. თუ ეს 39-პუნქტიანი დოკუმენტი უკვე გამზადებულია, ეს პრელუდიაა და როგორც ჩანს, ნატო რუსეთის შესაკავებლად ბირთვული დაგეგმარების სამუშაო ჯგუფის აღდგენას იწყებს.
"ბირთვული ომის საფრთხე გვიახლოვდება. ჩვენ ახალ ფაზაში შევდივართ. საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა ამ ხელშეკრულებიდან გამოსვლის შემდეგ თვისობრივად შეიცვლება. ამისთვის საქართველო სერიოზულად უნდა მოემზადოს. ჩვენ უნდა დავიწყოთ ზრუნვა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი გამოცხადდეს ბირთვული იარაღისგან თავისუფალ ზონებად და ეს საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოზე უნდა დავაყენოთ.
"საბჭოთა კავშირის ბირთვული დაშინების სტრატეგიაში აფხაზეთს ჰქონდა თავის როლი და ახლა მით უმეტეს, რუსეთი ამას ყველა ვარიანტში გამოიყენებს და საქართველოს დარტყმის ქვეშ დააყენებს," - აცხადებს მაისაია.