(რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კახეთში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპატრამენტის 400-ზე მეტი თანამშრომელი ჩაერთო. გარდა ამისა, სალიკვიდაცია სამუშაოებში ოთხი ვერტმფრენი დილიდან ჩაერთო.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები კახეთში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის კერების ქრობის პროცესს აქტიურ რეჟიმში აგრძელებენ.
"შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებთან და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 400-ზე მეტი თანამშრომელი ჩაერთო. ცოცხალი ძალა, ავიაციის საშუალებით, უშუალოდ ხანძრის კერებთანაა შეყვანილი. გამთენიისას მუშაობა 4-მა ვერტმფრენმა განაახლა.
"ამ დროისთვის, ყვარელში, სოფელ შილდას მიმდებარედ, ტყის მასივში, ცეცხლი სრულად ლოკალიზებულია და მისი სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
"თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად ალტერნატიული ცეცხლმაქრი საშუალებებით აღჭურვილი ცოცხალი ძალა და 3 ერთეული საჰაერო ტექნიკა აქტიურად მუშაობს.
"მთა-თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან არსებულ ტყეში ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა და ცეცხლის კერებთან ავიაციის მეშვეობით შეყვანილი ცოცხალი ძალა ხანძრის ლოკალიზებას ერთობლივად ცდილობენ",- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.