(რეზონანსი) დღეს მიმდინარე სასამართლო სხდომაზე თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე შეუძლოდ გახდა, რის გამოც წინასასამართლო სხდომა გადაიდო.
ადვოკატ ლილი გელაშვილის ინფორმაციით, აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს სხდომის დახურვის შესახებ დაყენებულ შუამდგომლობას უკავშირდება.
ბრალდების მხარე ამბობს, რომ აბესაძის პატიმრობაში ყოფნა ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რათა ბრალდებულის მიერ მოწმეებზე ზემოქმედება და მტკიცებულებების განადგურება არ მოხდეს.
მოსამართლემ აბესაძის წინასასამართლო სხდომა დახურა. მას სხდომის ნაწილობრივ დახურვის შუამდგომლობით დაცვის მხარემ მიმართა, რაც მოსამართლემ 193 /2 და 182/3 მუხლის თანახმად დააკმაყოფილა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ოთარ აბესაძის საქმის განხილვა 12 საათზე დაიწყო. როგორც პროცესის დაწყებამდე პროკურორმა ირაკლი მარშანიამ განაცხადა, დღევანდელ პროცესზე განიხილავენ, თუ რამდენად კანონიერად მოიპოვეს მტკიცებულებები და მათი დაშვების საკითხსაც განიხილავენ. კერძოდ მოქალაქეთა ჩვენებები და აუდიო, ვიდეო ჩანაწერები, რომელშიც მათი მტკიცებით, აბესაძის მიერ უკანონო ქმედებაა ასახული.
14 ივლისს, ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ აბესაძეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
აბესაძეს ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 13 ივლისს წაუყენეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი აბესაძე 12 ივლისს დააკავა.