"ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ზურგს უმაგრებს რეპუტაცია, პროფესიონალიზმი და წესიერება"
ნინი საყვარელიძე
04.09.2017

თბილისის ერთგულება და სიყვარული – ამ პრინციპით "ქართულმა ოცნებამ" დედაქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. საგანგებოდ შერჩეული 25 კანდიდატი მომდევნო წლების განმავლობაში განსაკუთრებულ ყურადღებას ეკოლოგიასა და მწვანე ქალაქის განვითარებას მიანიჭებს. 

 მმართველი გუნდის სიის შემადგენლობაში როგორც ძველი, ასევე ახალი სახეები არიან. ყველა მათგანი საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია. მზად არიან იმ ახალ გამოწვევებს უპასუხონ, რომელიც ქვეყნისა და ქალაქის წინაშე დგას.

"თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქი და თითოეული უბნის ყოველდღიური განვითარება" - ეს არის ის ძირითადი სლოგანი, რითაც თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, მაჟორიტარებთან ერთად, დედაქალაქის სადავეების ხელში აღებას აპირებს. უკვე გამოცდილი პოლიტიკოსი საკუთარ გამარჯვებასა და ძალებში აბსოლუტურად დარწმუნებულია. 

"ჩვენი კანდიდატები არიან ადამიანები, რომლებსაც ზურგს უმაგრებს რეპუტაცია, პროფესიონალიზმი და წესიერება", – ასე წარუდგინა საზოგადოებას საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები. სიაში არიან ძველი სახეები, თუმცა ახალგაზრდებიც. პრემიერი დარწმუნებულია, რომ ყველანი თავს დაიმკვიდრებენ, როგორც ხალხზე მზუნველი პოლიტიკოსები. 

19 მამაკაცი და 6 ქალბატონი – ასე გამოიყურება "ქართული ოცნების" თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები. მთაწმინდის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯაბა ჯიშკარიანი იქნება; ვაკის რაიონში - გიორგი მუსხელიშვილი და გიორგი ბირბიჩაძე; საბურთალოზე - ავთანდილ ცინცაძე, დავით უთმელიძე და ვახტანგ შაქარიშვილი; კრწანისში - თემურ გორგაძე; ისნში - ილია ჯიშკარიანი, ნინო ლაცაბიძე და ლევან დავითაშვილი; სამგორის რაიონში - გიორგი დოხტურიშვილი, გიორგი ტყემალაძე, ქეთევან მამულაშვილი და რევაზ სოხაძე; ნაძალადევში - თამარ ტალიაშვილი, დავით ჭელიძე, მიხეილ ამაშუკელი და ალექსანდრე ხუჯაძე; ჩუღურეთში - რიმა ბერაძე; დიდუბეში - ვლადიმერ ძნელაძე და თარაშ შურღაია; გლდანის რაიონში - შალვა ოგბაიძე, ოთარ გრიგოლია, გულია გოცირიძე და ქეთევან ჯოხაძე. 

ვიდრე კანდიდატთა ოფიციალური წარდგენა დაიწყებოდა, მანამდე „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საორგანიზაციო საკითხები განიხილეს და თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია დაამტკიცეს. 

„მაღალი პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე, უნარი - გაუმკლავდე ხალხის პრობლემებს, მიზანი - გახადო ჩვენი თბილისი და მისი თითოეული უბანი უკეთესი. ეს ის მთავარი მოთხოვნებია, რომლითაც ხელმძღვანელობს ჩვენი გუნდის თითოეული კანდიდატი. სწორედ ამ ნიშნით არის შერჩეული თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე და „ქართული ოცნების“ მთლიანი გუნდი საკრებულოში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბოტანიკურ ბაღში სიტყვით გამოსვლისას. გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი გააკეთებს სწორ არჩევანს და 21 ოქტომბერს 41-ს შემოხაზავს. 

„ჩვენ არ გვაშინებს არაფერი. წინ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. 21 ოქტომბერს საქართველომ უნდა აირჩიოს საკუთარი წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართვეობის ორგანოებში. ხალხი გადაწყვეტს ვის ჩააბაროს მართვა ადგილობრივ დონეზე, ვინ იფიქრებს და იზრუნებს მეტად მათ საჭიროებზებზე, ცხოვრების უკეთესი პირობის შექმნაზე. 

დარწმუნებული ვარ ხალხი ამჯერადაც გააკეთებს სწორ არჩევანს და გადაწყვეტილებას "ქართული ოცნების", ანუ უფრო უკეთესი მომავლის სასარგებლოდ მიიღებს. მმართველ გუნდს აღებული აქვს პასუხისმგებლობა, რომ ჰყავდეს ძლიერი თვითმმართველობები და თითოეული მმართველი რგოლი ხალხის სამსახურში იდგეს. ამისათვის ახალი ენერგია გვჭირდება. დღევანდელობა განახლებულ დღის წესრიგს და მოთხოვნებს გვიყენებს და ჩვენი პარტია სრულიად მზად არის უპასუხოს ამ გამოწვევას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

ბოტანიკურ ბაღში შეკრებილ საზოგადოებას თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მიმართეს. კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას აქცენტი უკვე წარმოდგენილ კანდიდატებზე გააკეთა და იმ კრიტერიუმებზე ისაუბრა, რითაც გუნდმა აღნიშნული პირები შეარჩია. 

"თბილისის მერიისა და საკრებულოს მჭიდრო და ქმედით თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ყველა იმ ჩანაფიქრის განხორციელებისთვის, რომელიც მეტ სიცოცხლეს შეიტანს ჩვენს ქალაქში", -აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა. 

სიცოცხლით სავსე ქალაქის, მისი თითოეული უბნის ყოველდღიური განვითარება ის მიზანი იქნება, რომელიც თბილისსა და თბილისელებზე ზრუნვის საქმეში მერიისა და საკრებულოს ძალისხმევა გაერთიანდება. მომავალი წლები ამ მიმართულებით გამორჩეული უნდა იყოს. 

მმართველი გუნდის მიერ საკრებულოს წევრების შერჩევა კონკრეტული კრიტერიუმებით მოხდა, გათვალისწინებული იყო როგორც თითოეული მათგანის პროფესიონალიზმი, სამოქალაქო პოზიცია და მონაწილეობის მზაობა საერთო საქმეში, ასევე ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი - თბილისის ერთგულება და სიყვარული.

„გვჯერა, რომ განახლებული საკრებულო განახლებული ენერგიით შეუდგება საქმიანობას დედაქალაქის საკეთილდღეოდ. გვჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, უახლოეს მომავალში, თბილისი იყოს სიცოცხლით სავსე ქალაქი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მის მსგავსად "ქართული ოცნების" კანდიდატების უპირობო გამარჯვებაში დარწმუნებულია პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც. თითოეულ კანდიდატს გამარჯვების შემთხვევაში დედაქალაქის მოსახლეობის წინაშე მაქსიმალური ლეგიტიმაცია ექნება. 

"გაიმარჯვებს ის, ვინც გავა პირველ ადგილზე. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ 50%-იანი ბარიერი გადალახოს თითოეულმა კანდიდატმა. "ქართულმა ოცნებამ" თბილისს შესთავაზა განახლებული შემადგენლობა, ახალი კანდიდატები, მაჟორიტარები. დარწმუნებული ვარ თითოეული მათგანის გამარჯვებაში", - განაცხდა ირაკლი კობახიძემ.

 რაც შეეხება თავად მაჟორიტარობის კანდიდატებს, ისინი უკვე დღეიდან  მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს დაიწყებენ და იმ ხედვას გააცნობენ, რომელიც "ქართული ოცნების" გუნდმა შეიმუშავა. პრიორიტეტი ამჯერად ეკოლოგიას და მწვანე ქალაქს მიანიჭება. არჩევნების დასრულების შემდეგ კახა კალაძე გუნდთან ერთად პირობას დებს, რომ თბილისს ეკოლოგიურად სუფთა ქალაქად აქცევს. 

"ქართული ოცნების" გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის ოთარ გრიგოლიას განცხადებით, ის პრიორიტეტები, რომელიც გუნდს გააჩნია, მხოლოდ მათი გამარჯვების შემთხვევაში შესრულდება.

"ჩვენს გუნდს ძალიან კარგი პროგრამა აქვს შემუშავებული, როგორც ეკოლოგიის, ასევე სატრანსპორტო განვითარების თვალსაზრისით. ამიტომ ის პრიორიტეტები, რომელზეც აქცენტს ვაკეთებთ, შესრულდება იმ შემთხვევაში,  თუკი აგვირჩრვენ და საკრებულოშიმუშაობის შესაძლებლობა მოგვეცემა. ღრმად მწამს, რომ გავიმარჯვებთ", - განაცხადა გრიგოლიამ. 

სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ქეთევან მამულაშვილი კი ძირითადი პრიორიტეტების შესრულების პარალელურად ახალგაზრდების დასაქმების პირობასაც დებს. 

"ვფიქრობ, შევძლებ სამგორის რაიონში მცხოვრები მოსახლეობის გულის მოგებას. საკრებულოში ახალგაზრდების დასაქმების განხრით ვაპირებ მუშაობას. ამ საკითხთან აქამდეც მქონდა შეხება და შესაბამისად, გამოცდილება მაქვს. მოსახლეობის ასევე ვპირდები ეკოლოგიურ წესრიგს და სატრანსპორტო მიმართულებების განვითარებას" - განუცხადა "რეზონანსს" ქეთევან მამულაშვილმა. 

მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი კი ამბობს, რომ `ქართული ოცნების გუნდთან ერთად მზადაა იმ  გამოწვევებს უპასუხოს, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. 

"ცალკე საკუთარი პროგრამა ნამდვილად არ მექნება. ეს იქნება კახა კალაძის საარჩევნო პროგრამა და მოსახლეობას მის შესრულებას ვპირდები. ყველა ამჩნევს, რომ ქვეყანაში ახალი გამოწვევების დრო დგება. ჩვენ მზად ვართ ამ გამოწვევებს ვუპასუხოდ. ამისათვის აუცილებელია არჩევნებში წარმატება და ეს ასეც მოხდება - ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ", - აღნიშნა ჯაბა ჯიშკარიანმა. 

"დიდი მადლობა გუნდს ჩემს მიმართ გამოჩენილი ნდობისთვის. მე ვიცი ჩემს გუნდთან ერთად როგორ შევძლო ჩვენი მოქალაქეებისთვის ისეთი აქტუალური პრობლემების გადაწყვეტა, როგორიცაა ქაოსური მშენებლობები, ურბანული პრობლემები და ა.შ. - ასე მიმართა გლანდის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა ოგბაიძემ საზოგადოებას, - მე არ მერიდება უკან მოხედვის, მე ახლა ორიენტირებული ვარ მომავალზე".

"ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო მარათონი დაიწყო. მმართველი გუნდისთვის დედაქალაქის პრობლემები ზედმიწევნით ცნობილია და ყველა კანდიდატი მზადაა გამოწვევებს უპასუხოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×