(რეზონანსი) კახეთში საგანგებო შტაბი აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. შტაბის წევრებმა შსს-ს ვერტმფრენით საკონტროლო გაფრენა განახორციელეს და სოფელ ართანას მიმდებარედ, ტყის მასივში არსებული ცეცხლის კერები დაათვალიერეს.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 400-მდე თანამშრომელი მონაწილეობს. ცეცხლის ქრობის პროცესი ორი მიმართულებით მიმდინარეობს: ალპურ ზონასა და ტყის ფოთლოვან ნაწილში. ადგილზე არსებული რთული რელიეფური პირობების გამო, მეხანძრე-მაშველები ალტერნატიულ ცეცხლმაქრ საშუალებებს იყენებენ. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სამი ვერტმფრენი დილიდან ჩართულია.
შსს-ს ინფორმაციით, ცეცხლის ქრობის ინტენსიური სამუშაოები მთა-თუშეთშიც, სოფელ ხახაბოსთან, ტყის მასივში არსებულ ხანძრის კერებზეც გრძელდება. რთული რელიეფის მიუხედავად, მთის ფერდობზე წყლის ხელოვნური რეზერვუარების დამონტაჟება და კერების დამუშავება შესაძლებელი გახდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები მუშაობენ. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია შსს-ს ვერტმფრენი.
ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში მეხანძრე-მაშველები ნახანძრალი ტერიტორიის დამუშავება საგრძელებენ. ცოცხალი ძალა ადგილზე ხანძრის სრულ ლიკვიდირებამდე დარჩება.