ცეცხლოვანი ზაფხულის მიზეზი რომ შესაძლოა, დივერსია იყოს, ამაზე უკვე საქართველოს მთავრობაშიც ალაპარაკდნენ. უსაფრთხოების ექსპერტები კი აღნიშნავენ, რომ სხვადასხვა ცეცხლის გამომწვევი საბრძოლო მასალების გადატანა და ჩამოგდება ტექნიკურად სრულიად შესაძლებელია, რაც დივერსანტებისთვის სირთულეს არ წარმოადგენს.
მათივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების ეჭვებიც, სავარუდოდ, საგამოძიებო უწყებების ვერსიებს ეფუძნება, რის გამოც პირველი პირები უკვე ხმამაღალ განცხადებებს აღარ ერიდებიან.
"რაც ამ ზაფხულს მოხდა, მგონი არცერთ წელიწადს არ ყოფილა, რაც ნამდვილად აჩენს ეჭვს, რომ შეიძლება იყოს დივერსიული მოქმედებების შედეგი", - განაცხადა "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ დანარჩენ დეტალებს გამოძიება დაადგენს.
რაც შეეხება თავად შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის პირად მოსაზრებას, იგი ფიქრობს, რომ ხანძრები შესაძლოა, ხელოვნურად ყოფილიყო გაჩენილი.
"თუ ჩემი სუბიექტური აზრი გაინტერესებთ, მეც ვფიქრობ, რომ შეიძლება, ხელოვნურად იყოს გაჩენილი, შეიძლება სხვა ფაქტორები იყოს... მე, ამას ახლა ვერ გეტყვით. გამოძიება მიმდინარეობს, ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ, ყველა ვერსიას ამომწურავ პასუხს გავცემთ", - განაცხადა მინისტრმა.
დივერსიის შემთხვევაში კონკრეტულად რა მეთოდითაა შესაძლებელი მიუვალ ადგილებში ცეცხლის გაჩენა - ექსპერტები აცხადებენ, რომ სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებს ამის გაკეთება ძალიან მარტივად შეუძლიათ და გარადა ამისა, არსებობს ტექნოლოგიები, რომელიც დივერსანტის ადგილზე ყოფნას საერთოდაც არ საჭიროებს.
ჟურნალი "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი, ასეთად დისტანციური მართვის საფრენ აპარატს, ე.წ დრონს ასახელებს. მისი თქმით, ეს თითქმის იდეალური საშუალებაა მიუვალ ტყის ფერდობებზე ხანძრების კერების გასაჩენად, განსაკუთრებით კი ღამით.
როგორც ირაკლი ალადაშვილი აღნიშნავს, როდესაც მათ გამორთული აქვთ გაბარიტული მაშუქები, მათი აღმოჩენა ყველაზე ძლიერი რადიოლოკაციური კონტროლის მქონე ქვეყნების არმიებსაც კი უჭირთ.
ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ სხვადასხვა ცეცხლის გამომწვევი საბრძოლო მასალების გადატანა და ჩამოგდება ტექნიკურად სრულიად შესაძლებელია.
"თანამედროვე უპილოტო საფრენი აპარატები საშუალებას იძლევა როგორც სადაზვერვო, ასევე სხვა ტიპის საშუალებებით აღიჭურვოს. ძალიან ბევრ უპილოტო საფრენ აპარატზე სასარგებლო ტვირთი მოდულური პრინციპით მაგრდება.
"ტექნიკურად სრულიად შესაძლებელია სხვადასხვა ცეცხლის გამომწვევი საბრძოლო მასალების გადატანა და ჩამოგდება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ეს იყო უპილოტო თვითმფრინავი, თუ კოპტერი. მათი მოქმედების რადიუსი სხვადასხვაა.
"პირველი 40 კმ და მეტი, კოპტერების რამდენჯერმე ნაკლები. ტერმიტული მინარევების მიტანა კი ჩემი აზრით დიდ მანძილზე შეუძლებელია.
"ცეცხლის კერები იყო აჭარის მთიან რაიონებში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, თუშეთში. არეალი საკმაოდ დიდია. ასევე მრავალრიცხოვანი იყო კერების რაოდენობაც.
"ამიტომ, გამოძიებას სერიოზული სამუშაოს ჩატარება მოუწევს. ეს იქნება როგორც დიდი რაოდენობით მოსახლეობის გამოკითხვა, ასევე ათობით ჰექტარი ნახანძრალი ტერიტორიის დათვალიერება. მ.შ. გამოძიებამ უნდა გაანალიზოს რომელ რაიონებში იქნებოდა დრონების მეშვეობით ცეცხლის გაჩენა და რომელში არა", - აცხადებს ამირან სალუქვქაძე და აღნიშნავს, რომ ხანძრების უმეტესობა, დღის საათებში გაჩნდა, შესაბამისად, ამდენი დრონიდან ერთს მაინც დაინახავდა ვინმე.
"ცაში ჩიტებს ვამჩნევთ, დრონის დანახვა არ წარმოადგენს პრობლემას. ის, რომ ამდენი ხანძრის ბუნებრივად გაჩენა ასე ხანმოკლე პერიოდში საზოგადოებაში ეჭვებს ჰბადებს, ფაქტია. დღეს მგონი არავის სჯერა, რომ ამ ხანძრებში ადამიანის ხელი არ ურევია.
"დივერსია შესაძლოა იყო როგორც გარე, ასევე შიდა ძალების მიერ მოწყობილი. თუ დივერსიებთან გვაქვს საქმე, არაა სავალდებულო, რომ მაინც და მაინც ჰაერიდან იყოს გაჩენილი. რატომ გამოვრიცხავთ ადამიანების მიერ ცეცხლის გაჩენას, თუნდაც რთულად მისასვლელ ადგილებში?
"ის, რომ იმ ადგილებში ადამიანები არ დადიან, არ ნიშნავს, რომ დამნაშავეს არ შეუძლია მიაღწიოს იმ ადგილამდე, დატოვოს რამე მოწყობილობა, რომელიც მოგვიანებით აალდება და თვითონ გამოსვლას მოასწრებს?
"მოდაშია და პოლიტიკურად მომგებიანია რუსეთზე გადაბრალება. რა თქმა უნდა, დივერსიის შემთხვევაში ეს უნდა იყოს ალბათ ძირითადი ვერსია. თუმცა არც სხვა, მ.შ. შიდა ძალებს არ გამოვრიცხავ.
"ასევე შესაძლებელია, რომ ბუნებრივად ხდებოდეს, ან ხანძრის კერების გარკვეული ნაწილი გაჩენილიყო ბუნებრივად და შემდეგ დაებადათ იდეა ხელისუფლებისთვის და ქვეყნისთვის ვითარება გაერთულებინათ.
"ძალიან რთული და მასშტაბური საგამოძიებო პროცედურები იქნება საჭირო. ამიტომ უნდა დაველოდოთ გამოძიებას. დღეს ვერცერთი ექსპერტი ზუსტ ვერსიას ვერ დადებს", - აცხადებს სალუქვაძე.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ ეჭვი დივერსიაზე სრულიად ლოგიკურია რადაგან მაღალი ტემპერატურა საქართველოში არავის უკვირს და ხანძრების ქრონიკულად გამომწვევი მხოლოდ ეს ვერ იქნება. ხოლო დივერსანტებისთვის კი ცეცხლის გაჩენა მარტივი შესასრულებელია.
"ამას ემატება ის, რომ ბოლო პეროდში ათობით ბაზრობა დაიწვა საქართველში და თუკი დივერსიასთან გვაქვს საქმე, ალბათ, ამის მიზანია ადამიანების შემოსავლის გარეშე დატოვება და სოციალური დაძაბულობის გაზრდა.
"რაც შეეხება ტექნოლოგიებს და კონკრეტულად დრონს, ის მაღლა არ დაფრინავს და ადამიანის თვალისთვის შესამჩნევია. თუმცა გამორიცხული არაფერია და შესაძლოა, სხვა მეთოლოგიაც იყოს გამოყენებული. სპეცსამსახურებისთვის ეს სირთულეს არ წარმოადგენს.
"არსებობს საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი, რომ რუსეთის სპეცსამსახურები მოქმედებენ ადგილობრივი რესურსების (მოღალატეების) გამოყენებით და შესაბამისი დაფინანსების შედეგად ახორციელებენ დივერსიას", - აცხადებს ნიკა ჩიტაძე.